ომბუდსმენი მოუწოდებს Naec-ს, დაუყოვნებლივ დაუნიშნოს აბიტურიენტს დამატებითი გამოცდა

პუბლიკა

სახალხო დამცველმა კანონშეუსაბამოდ მიიჩნია გამოცდების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილება, ერთ-ერთი აბიტურიენტი არ დაეშვა დამატებით გამოცდაზე. ომბუდსმენმა რეკომენდაციით მიმართა ცენტრს და აბიტურიენტისთვის უმაღლესი განათლების მიღების უფლების უზრუნველსაყოფად ისტორიის გამოცდის დაუყოვნებლივ დანიშვნა მოითხოვა.

როგორც ომბუდსმენი წერს, საქმის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ აბიტურიენტის ისტორიის დამატებით გამოცდაზე დაშვების საკითხის განხილვისას გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დაარღვია სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოების და „კარგი მმართველობის“ პრინციპი და განმცხადებელს გონივრულ ვადაში არ მიაწოდა ინფორმაცია ისტორიის დამატებითი გამოცდის თარიღის შესახებ.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ჯერ კიდევ აქვს დრო უზრუნველყოს აბიტურიენტის უმაღლესი განათლების მიღების უფლება და აღასრულოს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 27 ივლისს გამოცემული დროებითი განჩინება.

„აღნიშნული ქმედების დამაბრკოლებელი ობიექტური ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ არსებობს.

საქართველოს სახალხო დამცველი ადმინისტრაციულ ორგანოს მოუწოდებს, მომავალშიც, უფლების შეზღუდვის ყოველი შემთხვევის განხილვისას, იმოქმედოს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და მოახდინოს იმ პირთა სათანადო ინფორმირება ვის ინტერესებზეც შეიძლება გავლენა იქონიოს მიღებულმა გადაწყვეტილებამ“, – წერს ომბუდსმენი.