ომბუდსმენმა წინასაარჩევნო პერიოდში დასაქმებულების მიმართ პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაცია დაადგინა

პუბლიკა

სახალხო დამცველმა 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინა პერიოდში მომხდარ ორ ფაქტზე შრომით ურთიერთობებში პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაცია დაადგინა.

ამასთან დაკავშირებით განცხადებას სახალხო დამცველი ავრცელებს.

ომბუდსმენის ცნობით, სახელმწიფო სამსახურებთან დაკავშირებული ორგანიზაციების თანამშრომლები, ერთ შემთხვევაში პოლიტიკურ პარტიაში – „საქართველოსთვის“ აქტივობის, ხოლო მეორე შემთხვევაში – ამავე პარტიასთან ოჯახის წევრის ასოცირების გამო გაათავისუფლეს.

სახალხო დამცველის ინფორმაციით, პირველ შემთხვევაში, განმცხადებელი გორის ტრანსპორტის სააგენტოს ფინანსური მენეჯერის პოზიციიდან 2021 წლის 4 აგვისტოს, ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო გაათავისუფლეს.

„განმცხადებელი დარწმუნებულია, რომ ხელშეკრულების ვადის გაგრძელებაზე უარი განპირობებული იყო მისი ძმის მჭიდრო კავშირით პარტიასთან „საქართველოსთვის“. მართალია, მოპასუხე, გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტოს განმარტებით, შრომითი ურთიერთობა კანონიერი საფუძვლით – შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო შეწყდა, თუმცა, როგორც სააგენტოს საქმისწარმოების დოკუმენტებიდან ირკვევა, 4 აგვისტოს ხელშეკრულების ვადა 29 დასაქმებულს ამოეწურა და მათგან მხოლოდ ერთს აღარ გაუგრძელდა“, – წერს ომბუდსმენი.

სახალხო დამცველის რეკომენდაციაში დასაბუთებულია, რომ ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო ურთიერთობის შეწყვეტის არგუმენტი არ აქარწყლებს დისკრიმინაციის არსებობის ვარაუდს. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხე მხარეს სადავოდ არ გაუხდია განმცხადებელის პროფესიონალიზმი. ამასთან, სააგენტოს არ წარმოუდგენია ინფორმაცია – რომელ კრიტერიუმებს, გარემოებებსა თუ ფაქტორებს იღებს მხედველობაში სააგენტოს დირექტორი ხელშეკრულების გაგრძელების ან არგაგრძელების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას; და ასევე, არ განუმარტავს, რა მიზეზით აღარ გაგრძელა ხელშეკრულება განმცხადებელთან.

მეორე შემთხვევაში, რომელიც სახალხო დამცველის აპარატმა შეისწავლა, განმცხადებელი გაათავისუფლეს ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ადმინისტრატორ-კოორდინატორის თანამდებობიდან შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო. მოპასუხე მხარის განმარტებით, მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა შეუძლებელს ხდიდა განმცხადებელზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას. განმცხადებელი კი მიუთითებდა, რომ დამსაქმებელმა შრომითი ხელშეკრულება ვადაზე ადრე მხოლოდ მასთან შეწყვიტა, მისი პოლიტიკურ პარტიაში „საქართველოსთვის“ აქტივობის გამო.

„საგულისხმოა, რომ მოპასუხეს არ წარმოუდგენია მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა, რომ განმცხადებელზე დაკისრებული ფუნქციების გაუქმება ნამდვილად ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობასთან იყო დაკავშირებული, მაშინ როდესაც განმცხადებელს ხელშეკრულება სწორედ კოვიდპანდემიის პირობებში გაუფორმდა. ასევე, ხელშეკრულების შეწყვეტა იმ პერიოდს დაემთხვა, როდესაც მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე სექტემბრიდან – საგანმანათლებლო პერიოდის დაწყებიდან – მუშაობის აქტიურ ფაზაში უნდა ყოფილიყო. გარდა ამისა, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეს არ მიუთითებია, რატომ შეუწყდა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო ხელშეკრულება მხოლოდ განმცხადებელს“, – წერს ომბუდსმენი.

შრომით ურთიერთობებში პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციასთან დაკავშირებით სახალხო დამცველმა ასევე, სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა სასამართლოს, სადაც ყურადღება გაამახვილა 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობების წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური შეხედულების გამო ადამიანების სამსახურიდან გათავისუფლების და შრომითი უფლებების სხვა სავარაუდო დარღვევების მიმართულებით გამოკვეთილ ტენდენციებზე.