ომიაძე: 2023-ში საქართველომ ტურიზმიდან უპრეცედენტო, $4 მლრდ-ზე მეტის შემოსავალი მიიღო

პუბლიკა

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მაია ომიაძის თქმით, 2023 წელს საქართველომ საერთაშორისო ტურიზმიდან რეკორდული შემოსავალი – 4 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი მიიღო, ხოლო ტურისტული  ვიზიტების რაოდენობა 2019 წლის მონაცემებთან შედარებით თითქმის 100%-ით აღდგა.

ომიაძე ამბობს, რომ ეს 2019 წლის მონაცემებს 26%-ით აჭარბებს.

„2019 წელთან მიმართებით 75.6%-ით აღდგა ვიზიტები და ქვეყანამ 7 მილიონზე მეტი საერთაშორისო მოგზაური მიიღო. აღსანიშნავია, რომ ტურისტულმა ვიზიტებმა 4,6 მილიონს გადააჭარბა, რაც 2019 წელთან მიმართებით თითქმის 100%-იანი აღდგენაა. პანდემიის შემდგომ წლებში დინამიკა ყოველწლიურად იყო მზარდი, საქართველოში ტურიზმის სექტორი აღდგენის პროცესში იყო. თუმცა, 2023 წელი განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა, მით უფრო იმ გამოწვევების ფონზე, რომელიც რეგიონშია”, – განაცხადა მაია ომიაძემ.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, ასევე, გრძელდება აქტიური კამპანიები ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთისა და სპარსეთის ყურის ქვეყნებში. ასევე, ახალ ტურისტულ ბაზრებზე ინდოეთსა და ჩინეთში, საქართველოს ცნობადობის ამაღლების მიზნით და ამ ქვეყნებიდან ტურისტული ნაკადების გასაზრდელად.

„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ახორციელებს კამპანიებს, გამოფენებს სტრატეგიულად მნიშვნელოვან ტურისტულ ბაზრებზე, ამას მუდმივი სახე აქვს და თავისი შედეგი მოაქვს. ვფიქრობ, 2024 წელი ბევრად წარმატებული იქნება და 2019 წელთან შედარებით როგორც ტურისტული ვიზიტებიდან, ასევე შემოსავლებიდან ჩვენ კიდევ უფრო კარგ შედეგს მივიღებთ”. – ამბობს  მაია ომიაძე.