„ომიკრონის“ შემთხვევაში ჩვეულებრივ ნიღაბს 60%-მდე დაცვა აქვს, ე.წ. რესპირატორს - 85%-მდე - ჩხეიძე

პუბლიკა

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხეიძემ მედიაჰოლდინგ „კვირის“ პრესკლუბში ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

მან ნიღბის ტარების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ, ე.წ. ნიღაბი-რესპირატორი ყველაზე ეფექტურია და მისი გამოყენება რამდენიმე დღეც არის შესაძლებელი.

„ბოლო კვლევები მიუთითებს, რომ ჩვეულებრივი ქირურგიული ნიღაბი „ომიკრონის“ შემთხვევაში 60%-მდეა დაცვის უნარის მქონე. ის ნიღაბი, რომელიც უფრო მაღალი კატეგორიისაა, ე.წ. რესპირატორი N95, იქ დაცვის მაჩვენებელი 85%-მდეა.

თუ ჩვენ ნიღაბს ვატარებთ და გვინდა, რომ ნიღბის საშუალებით ვიყოთ დაცული, უმჯობესია, გამოვიყენოთ ეს ნიღაბი, „რესპირატორი“, ასევე, მინდა დავამატო, რომ ადრე არსებული შეხედულება, რომ ეს ნიღაბი უნდა გამოცვლილიყო 4-5 საათში, ახლა ასე აღარ არის და შეგიძლიათ, ეს ნიღაბი გამოიყენოთ უფრო ხანგრძლივად, რამდენიმე, 2-3 დღეც კი, თუ მას კარგად იყენებთ, არ არის მექანიკური დაზიანება. ეს ფილტრი ეფექტურია უფრო ხანგრძლივი დროის განმავლობაში“, – განაცხადა ჩხაიძემ.


საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 11 235 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. StopCov.ge-ის განახლებული მონაცემებით, გასულ დღე-ღამეში გარდაიცვალა 34, ხოლო გამოჯანმრთელდა 17 130 კოვიდპაციენტი.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 11 235 ახალი შემთხვევები რეგიონებზე ასე განაწილდა: თბილისი – 6 133 შემთხვევა, აჭარა – 1 139, იმერეთი – 1 376, ქვემო ქართლი – 628, შიდა ქართლი – 563, გურია – 184, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 500, კახეთი – 344, მცხეთა-მთიანეთი – 157, სამცხე-ჯავახეთი – 194, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 17.