22 ივლისს სამოქალაქო აქტივისტსა და იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან რამდენიმე პირი დახვდა და თავს დაესხა.
შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო. გვიან ღამით გავრცელებული ცნობით, ბრალდებული, რომელიც თავდასხმის შემდეგ მიიმალა, განყოფილებაში თავად გამოცხადდა. დღეს გავრცელებული ინფორმაციით, კაცი დაკავებულია.
თავდასხმის შემდეგ ონისე ოქრიაშვილი კლინიკაში იყო მისული და კვლევები ჩაიტარა.
„ნოდარ დუმბაძე ძალიან იმაყებდა ამ საქციელით ალბათ, რომ ოთხმა ადამიანმა ჩამქოლა“, – თქვა მან კლინიკის დატოვების შემდეგ.
რამდენიმე დღეა, სამთავრობო პროპაგანდა ონისე ოქრიაშვილის დისკრედიტირებას ეწევა მის მიერ ხუმრობაში ნოდარ დუმბაძის ხსენების გამო.
თავდასხმის კადრებში ისმის, როგორ ახსენებენ თავდამსხმელები ნოდარ დუმბაძეს.
„ბაბუაჩემის სახელით ადამიანის ცემა ან პროვოკატორის ნახელავი უნდა იყოს ან იდიოტის. ესაა ჩემი კომენტარი“, – ასე ეხმაურება ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმა მწერალ ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი, ნოდარ თოფურიძე.
სამთავრობო პროპაგანდის საპასუხოდ იუმორისტმა ონისე ოქრიაშვილმა 19 ივლისს ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც განმარტა, რომ ის არ აგინებს მწერალ ნოდარ დუმბაძეს, როგორც ამას პროპაგანდა მანიპულირებს, არამედ ჰიპოთეტურად საუბრობს იმაზე, ვისი ზიზღი იქნება ყველაზე აბსურდული და ამის მაგალითად მოჰყავს ნოდარ დუმბაძე.
„სულ რომ ბოლო ადგილზე იყო ტექსტისა და მოსმენილის გააზრების რეიტინგში, აქ ხომ სავსებით ნათელია, რომ გინება კი არ არის, ჰიპოთეტურად ვლაპარაკობთ, ვინ შეიძლება ეზიზღებოდეს ამ ადამიანს და ყველაზე აბსურდული, რაც გამახსენდა იმ მომენტში, ვამბობ ნოდარ დუმბაძეს და მერე მის გულს.
სხვათა შორის, კომედია მაგიტომ მუშაობს ხშირ შემთხვევაში, რომ მოულოდნელი არის იმ კონკრეტულ კონტექსტში და მაგიტომ ეცინებათ ადამიანებს და მაგიტომ ეცინებათ იმ კონკრეტულ მომენტშიც დარბაზშიც.
მე რომ იმ ხუმრობისას, მაგალითად, მეთქვა, რომ „რა უცნაური იქნება, არა, ახლა შალვა რამიშვილი ეზიზღებოდეს“…, – განმარტავს იუმორისტი.