აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის აქტს (NDAA), რომელიც საქართველოს შესახებ ორ შესწორებასაც მოიცავს.
NPR წერს, რომ კონგრესმა თავდაცვის ავტორიზაციის აქტი მიიღო 216 ხმით 212-ის წინააღმდეგ. აქტი საბოლოოდ სენატმა უნდა დაამტკიცოს.
2027 წლის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის (NDAA) კანონპროექტი აშშ-ის სამხედრო ხარჯებისთვის რეკორდული რაოდენობის, 1.15 ტრილიონი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს.
კანონპროექტის დასამტკიცებლად სენატში „რესპუბლიკელებს“ „დემოკრატების“ მხარდაჭერა დასჭირდებათ.
რაც შეეხება ჩანაწერებს საქართველოს შესახებ – აქტში შესწორებები ივნისის დასაწყისში შევიდა. ორივე ჩანაწერის ავტორი ჯო უილსონია.
შესწორებები შემდეგია:
თავდაცვის დეპარტამენტის ურთიერთობები საქართველოსთან
„კომიტეტი შეშფოთებულია საქართველოში ოპოზიციის ლიდერების, აქტივისტებისა და სხვა იმ პირების მზარდი დაკავებებითა და პატიმრობით, რომლებიც ფართოდ მიიჩნევიან პოლიტიკურ პატიმრებად და მიიჩნევს, რომ ეს საკითხი თანმიმდევრულად და შესაბამის მაღალ დონეზე უნდა დაისვას საქართველოს მთავრობასა და საქართველოს შეიარაღებულ ძალებთან ორმხრივი ურთიერთობებისას.
აქედან გამომდინარე, კომიტეტი ავალებს თავდაცვის მდივანს, არაუგვიანეს 2026 წლის 1 ოქტომბრისა, წარადგინოს წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტს არაკლასიფიცირებული (ღია) ანგარიში, რომელიც დეტალურად აღწერს თავდაცვის დეპარტამენტის სტრატეგიას საქართველოსთან სამხედრო ურთიერთობებში პოლიტიკური პატიმრების საკითხის ინტეგრირების თაობაზე“.
ჩინეთის კონტროლისთვის წინააღმდეგობის გაწევა კავკასიის რეგიონში
საქართველოს შესახებ შეტანილი კიდევ ერთი შესწორება აშშ-ის თავდაცვის მდივანს ავალებს, ეროვნული დაზვერვის სააგენტოს დირექტორთან და სახელმწიფო მდივანთან თანამშრომლობით, თავდაცვის ავტორიზაციის აქტის ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 180 დღეში კონგრესის შესაბამის კომიტეტებს წარუდგინოს გასაიდუმლოებული ანგარიში საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო უჯრედების შესახებ.