საია: ვახო სანაიასთვის პატიმრობის შეფარდება გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის კიდევ ერთი მაგალითია

პუბლიკა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) აცხადებს, რომ ჟურნალისტ ვახო სანაიასთვის პატიმრობის შეფარდება გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის კიდევ ერთი მაგალითია.

დღეს, 2026 წლის 22 ივლისს ჟურნალისტ ვახო სანაიას სასამართლომ 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილების საფუძველი გახდა Facebook-პოსტები, რომლებშიც, სასამართლოს შეფასებით, პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილისა და ხელისუფლების წარმომადგენლის ლადო ბოჟაძის შეურაცხყოფა იკვეთებოდა.

საიას შეფასებით, სასამართლოს გადაწყვეტილება საჯარო სივრცეში გამოხატვის თავისუფლების უკანონო შეზღუდვის, ცენზურისა და თვითცენზურის გარემოს შექმნის კიდევ ერთი აშკარა მაგალითია. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ მსგავსი მიდგომა ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა დაცვის კონსტიტუციურ და ევროპულ სტანდარტებს.

საია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე მიუთითებს და აცხადებს, რომ მხოლოდ ვულგარული ან მკვეთრი ფრაზების გამოყენება არ არის საკმარისი იმისთვის, რომ გამოხატვა დაუცველად ჩაითვალოს. ორგანიზაციის განმარტებით, ეროვნულმა სასამართლოებმა უნდა განასხვავონ დაცული პოლიტიკური ან საზოგადოებრივი ინტერესის მქონე კრიტიკა გაუმართლებელი პირადი შეურაცხყოფისგან და ჩარევის აუცილებლობა სათანადოდ უნდა დაასაბუთონ.

საიას განცხადებით, არაძალადობრივი გამოხატვისთვის, მათ შორის შეურაცხმყოფელი ფორმით გამოხატული მოსაზრებებისთვის ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენება დაუშვებელია, რადგან მსგავსი სანქცია გამოხატვის თავისუფლებაზე „მსუსხავ ეფექტს“ ქმნის და მოქალაქეებს საჯარო დებატებში მონაწილეობისგან აფრთხობს.

ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ 2025 წლიდან ხელისუფლება სოციალურ ქსელებში გამოხატვის გამო ადმინისტრაციულ სანქციებს აქტიურად იყენებს.

პროცესი განსაკუთრებით გააქტიურდა 2026 წლის 1 ივნისიდან, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროში ე.წ. „ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ“ სოციალური ქსელების სისტემური მონიტორინგი დაიწყო.

საიას ცნობით, მიუხედავად სამმართველოს სახელწოდებისა, მისი საქმიანობა ძირითადად მწვავე პოლიტიკური გამოხატვის გამო მოქალაქეების წინააღმდეგ ადმინისტრაციული წარმოების დაწყებას მოიცავს.

ორგანიზაცია ასევე მიუთითებს, რომ შსს და სასამართლო სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული განცხადებების გამო ძირითადად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლებს იყენებენ. 173-ე მუხლი პოლიტიკური თანამდებობის პირის ან სახელმწიფო მოსამსახურის შეურაცხყოფისთვის ითვალისწინებს ჯარიმას ან ადმინისტრაციულ პატიმრობას, ხოლო 166-ე მუხლი – წვრილმანი ხულიგნობისთვის -ასევე ითვალისწინებს ჯარიმასა და ადმინისტრაციულ პატიმრობას.

საია აღნიშნავს, რომ 173-ე მუხლი გააკრიტიკა ეუთო/ოდირმაც, რომლის შეფასებითაც, მისი ფორმულირებები ზედმეტად ფართოა და თვითნებური გამოყენების შესაძლებლობას იძლევა. ორგანიზაციის რეკომენდაციით, სახელმწიფომ უნდა გადახედოს აღნიშნულ ნორმას და უზრუნველყოს, რომ სანქციები მხოლოდ მკაფიოდ განსაზღვრულ და მაღალი სიმძიმის შემთხვევებზე გავრცელდეს.

საიას შეფასებით, გამოხატვის თავისუფლების კონტროლი ისეთი ფორმებით ხორციელდება, რომლებიც ქმნის ცენზურის ინსტიტუციურ მექანიზმებს და უგულებელყოფს ადამიანის უფლებათა დაცვის გარანტიებს.

ორგანიზაცია განსაკუთრებით პრობლემურად მიიჩნევს მშვიდობიანი, თუნდაც შეურაცხმყოფელი გამოხატვისთვის საპატიმრო სასჯელის გამოყენებას. საია მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საქმეზე „ჩხარტიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“, რომლის მიხედვითაც, არაძალადობრივი ქცევისთვის ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენება, როდესაც საქმე გამოხატვის თავისუფლებასთან არის დაკავშირებული, შეიძლება არაპროპორციული იყოს.

საიას განცხადებით, ვახო სანაიას დაპატიმრება ხდება მედიის მიმართ შემზღუდავი და რეპრესიული გარემოს ფონზე. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ სანაია არის ტელეკომპანია „ფორმულას“ თანამშრომელი, რომლის წინააღმდეგაც ბოლო პერიოდში განხორციელდა სხვა სამართლებრივი ზომებიც, მათ შორის, საზოგადოებრივი ჩართულობის წინააღმდეგ მიმართული (SLAPP) სარჩელი და სისხლის სამართლის გამოძიება ტელეკომპანიის მიერ მომზადებულ სიუჟეტთან დაკავშირებით.