ოპოზიციას აშკარად სურს, იხილოს ომი უკრაინასა და საქართველოში – კობახიძე

პუბლიკა

„მათ [ოპოზიციას] აშკარად სურთ, იხილონ ომი უკრაინაში. ეს პირდაპირ გამოსჭვივის მათი საუბრებიდან და მე მგონი, ესეც არ აკმაყოფილებთ და უნდათ, იხილონ ასეთი პროცესები საქართველოში კიდევ ერთხელ“, – განუცხადა ჟურნალისტებს უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, რეზოლუცია არის ომის დაუშვებლობასთან დაკავშირებით და მხარდაჭერას უცხადებს უკრაინას. როგორც კობახიძემ აღნიშნა, მმართველი გუნდის საგარეო პოლიტიკა არის პრინციპული.

„ამ რეზოლუციის ტექსტი არის ჩამოყალიბებული ისე, როგორც ეს შეესაბამება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. რაც შეეხება, ზოგადად, ჩვენს მიდგომას საგარეო პოლიტიკასთან მიმართებით, ეს ყველამ კარგად იცის, ჩვენ გვაქვს პრინციპული პოზიცია, ჩვენ გვაქვს პრინციპული პოლიტიკა და ეს ყოველთვის აისახება შესაბამის ტექსტებში. რაც შეეხება ოპოზიციას, რომელიც თავის დროზე იყო ხელისუფლებაში, მე შეგახსენებთ, რომ მათი ნაბიჯების შედეგი არის ის, რომ დღეს რუსეთის ფედერაციას აქვს ჩაბარებული ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20%. როგორც ჩანს, ეს არ ჰყოფნით; როგორც ჩანს, მათ უნდათ მეტი. მათ აშკარად სურთ, იხილონ ომი უკრაინაში. ეს პირდაპირ გამოსჭვივის მათი საუბრებიდან და მე მგონი, ესეც არ აკმაყოფილებთ და უნდათ, იხილონ ასეთი პროცესები საქართველოში კიდევ ერთხელ. რაც მათ გააკეთეს 2008 წელს, იმას ვეღარ გაიმეორებენ ერთი მარტივი მიზეზის გამო, ისინი არიან დღეს ოპოზიციაში და კიდევ დიდხანს დარჩებიან ოპოზიციაში. აქედან გამომდინარე, მარტივად ვიტყვი – გვაცალონ იმ საგარეო პოლიტიკის გატარება, რომლის შედეგი არის მშვიდობა და უსაფრთხოება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.

დღეს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის იმ პროექტს დაუჭირა მხარი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ დააინიცირა.

პროექტმა მხოლოდ უმრავლესობის დეპუტატების მხარდაჭერა მიიღო.

ხანგრძლივი და ხმაურიანი განხილვის მიუხედავად, „ქართულმა ოცნებამ“ რეზოლუციის ტექსტში ოპოზიციის მიერ შეთავაზებული ფორმულირება არ გაითვალისწინა.

ოპოზიცია მოითხოვდა, კენჭისყრაზე დამდგარიყო რეზოლუციაში ერთი კონკრეტული წინადადების ჩამატების საკითხი, რომლითაც ხაზი გაესმებოდა რუსეთის როლს უკრაინის მოვლენებში.