ოპოზიციონერი პოლიტიკოსები დღეს საღამოს პარლამენტთან აქციის გამართვას გეგმავენ

პუბლიკა

„გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერი ზურა ჯაფარიძე, „ევროპული საქართველო“ და მოძრაობა „დროა“  გუშინ განვითარებული ძალადობრივი მოვლენების გასაპროტესტებლად პარლამენტთან აქციას აანონსებენ.

პარლამენტის წინ აქციაზე გასვლის მოწოდება ზურაბ ჯაფარიძემ Facebook-ის პირდაპირი ეთერით გააკეთა. სოციალურ ქსელში გავრცელდა „გირჩი – მეტი თავისუფლების“ მიერ ორგანიზებული ღონისძიებაც.

„გუშინ რაც მოხდა არ არის მარტივი ამბავი, პატარა ამბავი, რომელზეც შეგიძლია, თვალები დახუჭო და დაიძინო, გაიღვიძო, გააგრძელო ცხოვრება ისე, თითქოს არაფერი შეცვლილა. მე მგონია, რომ გუშინ რაც მოხდა, ეს იყო კატასტროფა ამ ქვეყნისთვის, კატასტროფა ნებისმიერი ადმაიანისთვის, ვისაც ამ ქვეყანაში მართლა უნდა ცხოვრება და მართლა, გულწრფელად უნდა, რომ მისმა შვილებმა ამ ქვეყანაში იცხოვრონ. ეს არ იყო მარტივი ამბავი, ეს იყო კარგად ორგანიზებული, კარგად დაგეგმილი სპეცოპერაცია, რომელიც ერთად ჩაატარეს ხელისუფლებამ და საპატრიარქომ“, – აცხადებს ჯაფარიძე.

„დღეს, 20:00-ზე გამოდით  და ჩუმად დადექით, არავინ არაფერს არ გთხოვთ, არც მიტინგი იქნება და არც მიკროფონები იქნება, არც ბღავილი, მუსიკა და არაფერი, უბრალოდ, გამოდით, ერთი საათი დადექით და დაანახეთ ამ დედამო***ულებს, რომ ამ ქვეყანაში ცხოვრობენ ცივილიზებული, ნორმალური ადამიანები, რომლებსაც უნდათ, რომ ნორმალურ ქვეყანაში აცხოვრონ საკუთარი შვილები, სადაც ქუჩაში მუტრუკი ზომბები არ დარბიან და პატარა ბავშვებს არ ურტყამენ და ასისხლიანებენ“, – ამბობს „გირჩის“ დამფუძნებელი.

ზურაბ ჯაფარიძის მოწოდებას შეუერთდა ელენე ხოშტარიას „დროა“.

„გუშინდელი დღე იყო უდიდესი დარტყმა სახელმწიფოებრიობასა და დემოკრატიის საფუძვლებზე. ჩვენ ვნახეთ სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული თავდასხმა ლგბტქი ადამიანებზე, ჟურნალისტებზე, აქტივისტებსა და სხვა მოქალაქეებზე.

ახლა უმთავრესია, არ შეგვიპყროს უიმედობამ და არ ავირჩიოთ უმოქმედობა. პოლიტიკური მოძრაობა „დროა” უერთდება პარტიის „გირჩი-მეტი თავისუფლება” მიერ დღეს, 20:00 საათზე პარლამენტის წინ დაგეგმილ აქციას“, – წერა ელენე ხოშტარიას მოძრაობა სოციალურ ქსელში.

აქციას უერთდება „ევროპული საქართველო“. გიგა ბოკერიამ ხალხს ბიძინა ივანიშვილის და პუტინის წინააღმდეგ პარლამენტთან გასვლისკენ მოუწოდა.

„20:00 საათზე ვიკრიბებით პარლამენტის წინ თავისუფლებისთვის, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის და პუტინისტების წინააღმდეგ“, – განაცხადა ბოკერიამ.