ოპოზიციური პარტიებისა და „ქართული ოცნების“ ერთობლივი შეხვედრა 4 საათზე დაიწყება

პუბლიკა

მედიატორების შუამდგომლობით ოპოზიციურ პარტიებსა „ქართულ ოცნებას“ შორის ერთობლივი შეხვედრა 4 საათზე დაიწყება. ამის შესახებ ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში აცხადებენ.

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი საქართველოში ვიზიტით უკვე მეორედ იმყოფება. დანიელსონი საქართველოში 28 მარტს ჩამოვიდა და გუშინ, 29 მარტს კონსულტაციები გამართა პარტიების წარმომადგენლებთან.

კონსულტაციების დასრულების შემდეგ კრისტიან დანიელსონმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მოლაპარაკების მაგიდაზე დადებს ტექსტს/დოკუმენტს და, როგორც აღნიშნა, შეთანხმების დოკუმენტზე ხელმოწერა იქნება შესაძლებლობა პოლიტიკური ლიდერებისთვის, რომ აჩვენონ თავიანთი დემოკრატიული სიმწიფე.

დანიელსონი პარტიების წარმომადგენლებთან კონსულტაციების დაწყებამდე შეხვდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, მოგვიანებით კი – პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს.

 

LB loan image desktop LB loan image mobile