ორი დღით საქალაქთაშორისო მიმოსვლა აღდგება - გახარია

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კანცელარიაში სპეციალურ სხდომაზე შეზუდვების შემსუბუქებისა და ეკონომიკის გახსნის გეგმა წარმოადგინა. სხდომის დასრულების შემდეგ კი კანცელარიის შენობაში ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

მისი თქმით, ვინაიდან სატრასპორტო მიმოსვლაზე შეზღუდვების დაწესება დაემთხვა სააღდგომო დღესასწაულებს, მთავრობა დაუშვებს გამონაკლისს ორი დღით (27 და 28 აპრილს): ეს იქნება ორშაბათი და სამშაბათი, როდესაც მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ დაბრუნდნენ თავისი რეგისტრაციისა თუ სამუშაო ადგილებზე.

„ორშაბათიდან ყველანაირი შეზღუდვა მსუბუქ ავტოტრანსპორტზე ნიშნავს იმას, რომ მსუბუქი ავტოტრანსპორტი თავისუფლად გადაადგილდება. ეს არ ნიშნავს იმ შეზღუდვების მოხსნას, რომლებიც დაწესებული იყო საქალაქთაშორისო გადაადგილებაზე და იმ შეზღუდვების მოხსნას, რომლებიც დაწესებული იყო დიდი ქალაქებისთვის – თბილისი, ქუთაისი, ბათუმი. ეს შეზღუდვები შენარჩუნდება. მაგრამ იმის გათვალისწიმნებით, რომ ჩვენი შეზღუდვების დაწესება დაემთხვა სააღდგომო დღესასწაულებს და ბევრი ჩვენი მოქალაქე გასული იყო ან საცხოვრებელი ადგილიდან რაიონში, ან თავისი სამუშაო ადგილიდან, ჩვენ გავაკეთებთ გამონაკლისს ორი დღით: ეს იქნება ორშაბათი და სამშაბათი, როდესაც ჩვენს მოქალაქეებს ორი დღის განმავლობაში ექნებათ შესაძლებლობა დაბრუნდნენ თავისი რეგისტრაციის ადგილებზე, ან სამუშაო ადგილებზე. შესაბამისად, ორი დღის შემდგომ, ის შესაბამისი შეზღუდვები, სატრანსპორტო გადაადგილებაზე საქალაქთაშორისო და ქალაქების ჩაკეტვის თვალსაზრისით აღდგება. ამას ვაკეთებთ იმისათვის, რომ გაყოფილი ოჯახები, ზოგი რაიონშია, ზოგი თბილისშია დარჩენილი – ეს დისკომფორტი მოქალაქეებს მოვუხსნათ”, – განაცხადა გახარიამ.