ორი კვირის წინ გაიცა რეკომენდაცია, რომ მზად ვყოფილიყავით პანდემიისთვის - გამყრელიძე

პუბლიკა

„ჩვენ, ყველა ქვეყანას ისედაც გვქონდა პანდემიური მზადყოფნა. ორი კვირის წინ გვქონდა მოცემული ქვეყნებს რეკომენდაცია, რომ პანდემიურ მზადყოფნაში ვყოფილიყავით, ეს ე.წ. ალარმი მაღლა იყო აწეული“ ,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, კორონავირუსული ინფექცია დღეს უკვე მსოფლიოს 120 ქვეყანაშია და ქვეყანათა რაოდენობა ყოველდღიურად იმატებს. მისი თქმით, ხვალ გამოქვეყნდება დამატებითი რეკომენდაციები, რაც უნდა გატარდეს გლობალურად.

„მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა კორონავირუსული ინფექციის ის ეპიდაეფთქებები პანდემიად. პანდემია არის გლობალური ეპიდემია. ეს არ არის მხოლოდ ერთ ქვეყანაში, დღეს უკვე ის 120 ქვეყანაშია და ქვეყანათა რაოდენობა ყოველდღიურად ემატება, ანუ ინფექცია თითქმის მსოფლიოს ყველა ქვეყანაშია და რაოდენობა ყოველდღიური მატებისა სერიოზულია.

თუ ეს ჩინეთში იყო თავიდან ახალი შემთხვევების რაოდენობა ქვემოთ მოდის, ჩინეთს გარეთ უკვე  42 000  შემთხვევაზე მეტი რაოდენობა არის, ანუ, თითქმის ნახევარი, რაც იყო ჩინეთში.

ამიტომაც დღეს საგანგებო კომიტეტმა, რომელიც მოიწვია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, გამოაცხადა, დღევანდელი მდგომარეობა მსოლიოში კორონავირუსულ ინფექციასთან დაკავშრებით პანდემიად.  ხვალ უკვე გამოქვეყნდება რეკომენდაციები დამატებითი ღონისძიებების შესახებ, რა უნდა გატარდეს გლობალურად“,- განაცხადა გამყრელიძემ.

გამყრელიძემ მოუწოდა საქართველოს მოქალაქეებს, რომ თავი აარიდონ საერთაშორისო მგზავრობებს.

„თავი ავარიდოთ საერთაშორისო მგზავრობებს, თუ რაღაც განსაკუთრებული აუცილებლობა არ არის და თუ მაინც მივდივართ, ჩამოსვლისას დავიცვათ წესები, განსაკუთრებით იმ 4 ქვეყნიდან ჩამოსვლისას. ხვალ, ზეგ დარმწუნებული ვარ ეს ოთხი ქვეყანა უფრო მეტი იქნება. შევასრულოთ ის რეკომენდაცეიბი, ვიყოთ 14 დღე თვითიზოლაციაში“,- თქვა გამყრელიძემ.

მან ასევე მოუწოდა მოქალაქეებს, რომ დაიცვან პირადი თუ საზოგადოებრივი ჰიგიენა და თავი აარიდონ საჯარო თავშეყრის ადგილებს.

„მეტი პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიენის დაცვა. ხელების ხშირი დაბანა, ხშირად დალაგება, განიავება და თავის არიდება დიდი თავშეყრის ადგილებზე. თუ მათ აქვთ გარკვეული სიმპტომები, მაღალსიცხიანი და ან ტემპერატურის მქონე ადამიანები ნუ წავლენ სამსახურებში. ვეცადოთ, რაც შეიძლება მეტი ვირტუალური კონტაქტი გვქონდეს ექიმთან, რომ თავი ავარიდოთ რიგებს,“ – განაცხადა გამყრელიძემ.


მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა. ამის შესახებ ორგანიზაციის დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა დღეს ბრიფინგზე განაცხადა.