ოთარ ზურაბიშვილი სააკაშვილზე: როგორც ექიმი, ვფიქრობ, რისკი ისევაა, ეს თავიდან უნდა ავირიდოთ

პუბლიკა

სალომე ზურაბიშვილის ძმამ და საფრანგეთში ქართველთა ისტორიული სათვისტომოს ხელმძღვანელმა, ოთარ ზურაბიშვილმა „ფორმულას” ეთერში პრეზიდენტის მიერ ექსპრეზიდენტ სააკაშვილის შეწყალების საკითხზე დასმულ კთხვას უპასუხა.

ოთარ ზურაბიშვილმა თქვა, რომ საჭიროა, „ეს საქმე ძალიან ფრთხილად იყოს წაყვანილი”.

„მიხეილ სააკაშვილს დასაწყისიდან ძალიან ბევრი რამ აქვს გაკეთებული საქართველოსთვის. მერე შეიძლება, შეიცვალა კურსი, როგორც იცვლება ხოლმე, როცა ხელისუფლებაში ხარ და რაღაც შეცდომები ჩაიდინა. ასე ფიქრობს მოსახლეობის ერთი ნაწილი. […] რთულია, იმიტომ, რომ რა გადაწყვეტილებაც არ უნდა იქნას მიღებული, შეიძლება მოსახლეობის ერთი ნაწილი შეიძლება იყოს უკმაყოფილო, შეიძლება – მეორე. როცა ეს არის გამოყენებული, როგორც ნამდვილი პოლიტიკური იარაღი, საჭიროა, რომ ეს საქმე იყოს წაყვანილი ძალიან ფრთხილად”. – განაცხადა ოთარ ზურაბიშვილმა.

მან ასევე თქვა, რომ რისკები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას უკავშირდება, „თავიდან უნდა ავირიდოთ”.

„[…] მე გამოვთქვი ჩემი პირადი აზრი არა პოლიტიკურად, არამედ როგორც ექიმმა მის ჯანმრთელობაზე. ვფიქრობ, რომ იყო და შესაძლებელია, კიდევ არსებობს ასეთი რისკი და რა თქმა უნდა, პოლიტიკური პასუხია, რომ ასეთი რისკი უნდა ავირიდოთ ყველანაირად”. – ამბობს ოთარ ზურაბიშვილი.

30 ოქტომბერს ოთარ ზურაბიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა, რომ „შესაძლებელია, პოლიტიკაში რამე ფორმით ჩაერთოს”.  პრეზიდენტთან ერთად თუ დამოუკიდებლად – ოთარ ზურაბიშვილმა ამ კითხვას არ უპასუხა. თუმცა, თქვა, რომ ოპოზიციურ ველზე პარტნიორად არავინ წარმოუდგენია.

„ფორმულასთან” ინტერვიუში ოთარ ზურაბიშვილმა თქვა, რომ სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობას მიიღებს, თუმცა, არ ჩაერთვება პარტიულ საქმიანობაში.