პარლამენტი ამნისტიის პროექტს აინიცირებს, რომელიც ნარკოდანაშაულზეც გავრცელდება

პუბლიკა

„ქართული ოცნება” პარლამენტში ამნისტიის კანონპროექტის ინიცირებას აპირებს, – ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისი თქმით, დღეს საქართველოს პარლამენტში ინიცირებული იქნება კანონპროექტი ამნისტიის შესახებ, რომელიც 44 სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს შეეხება.

სარჯველაძის ცნობით, კანონპროექტი ითვალისწინებს იმ პირთა გათავისუფლებას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისა და შესაბამისი სასჯელისგან, რომელთაც 2020 წლის 11 დეკემბრამდე ჩაიდინეს ამ კანონპროექტით გათავალისწინებული ცალკეული დანაშაულები.

მისივე თქმით, ამნისტიის პროექტი შეეხება ნარკოდანაშაულსაც.

„დღევანდელი მდგომარეობით ჩვენი ინიციატივა მოიცავს ნარკოდანაშაულებს, გარდა გასაღებისა”, – ამბობს ის. 

სარჯველაძე ამბობს, რომ განსხვავებული მოსაზრებების მოსასმენად დაინტერესებულ მხარეებთან აპირებენ  კონსულტაციებს, რის საფუძველზეც მიიღებენ კანონპროექტის საბოლოო სახეს.

მან ასევე ისაუბრა იმ მსჯავრდებულებზე, რომელთაც შეფარდებული აქვთ უვადო თავისუფლების აღკვეთა. სარჯველაძემ ამ კუთხით ცალკე აღნიშნა 260-ე მუხლი, რომელიც ნარკოდანაშაულს ეხება.

„სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებულ პირებს, რომლებსაც შეფარდებული აქვთ უვადო თავისუფლების აღკვეთა (და ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, დღეისათვის ასეთი 3 პირი იხდის სასჯელს საქართველოს საპატიმროებში), სასჯელის სახე გარდაექმნათ ვადიან თავისუფლების აღკვეთად, რომელიც განისაზღვრება 20 წლით და ამის შემდგომ მათ ექნებათ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გაუმჯობესებული, შედარებით შეღავათიანი პირობებით სარგებლობის შესაძლებლობა”, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.