პარლამენტში შემსვლელი პირები თერმოსკრინინგს გაივლიან

პუბლიკა

დღეიდან პარლამენტში შესვლაზე კონტროლი გამკაცრდა. პარლამენტში შემსვლელ პირებს თერმოსკრინინგი უტარდებათ.

შენობაში შემსვლელთა ინდივიდუალურ თერმოსკრინინგს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური სამედიცინო დეპარტამენტის მეთვალყურეობით ახორციელებს. შესაბამისი აღჭურვილობა პარლამენტს სპეციალურმა სამსახურებმა უკვე გადასცეს.

„პირები, რომლებსაც შემოწმების შედეგად დაუფიქსირდებათ 37-ზე მაღალი ტემპერატურა, შენობაში არ დაიშვებიან და მიეცემათ რეკომენდაცია, რომ ექიმს მიმართონ. დღეიდან პარლამენტის შენობაში დაიშვებიან მხოლოდ აპარატის თანამშრომლები და დეპუტატები. საქართველოს პარლამენტის სასახლეში შემოსვლა ხდება მხოლოდ ცენტრალური შესასვლელის ერთი მხარიდან (C კორპუსის ზედა შემოსასვლელი). დროებით შეჩერებულია საშვების გაცემაც“, – ნათქვამია პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეზღუდვა შეეხო მედიასაც. დღეიდან პარლამენტი მედიასთან კომუნიკაციის დისტანციურ ფორმატზე გადავიდა. ბრიფინგებისა და რესპონდენტების კომენტარების ტრანსლირება საკანონმდებლო ორგანოს ოფიციალურ ვებგვერდზე მოხდება.