პარლამენტთან რუსი ბიზნესმენის, მამუკა ფიფიას საკანონმდებლო ორგანოში ვიზიტი გააპროტესტეს

პუბლიკა

პარლამენტთან საპროტესტო აქცია გაიმართა – შეკრებილებმა რამდენიმე დღის წინ საკანონმდებლო ორგანოში მამუკა ფიფიას ვიტიზი გააპროტესტეს.

შეკრებილები სკანდირებდნენ: „მონებო, რუსებო“.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.

მამუკა ფიფია რუსეთში მომუშავე ბიზნესმენია, რომლის ინსტაგრამგვერდზე სერგეი გავრილოვთან ერთად გადაღებული ფოტოც იძებნება. ის ასევე იყო ერთ-ერთი მათგანი, ვინც მოსკოვი-თბილისის პირველი ავიარეისით იმგზავრა.

საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში დეპუტატის სკამზე ჯდომისა და ერთ-ერთ კაბინეტში ყოფნის ფოტოები მამუკა ფიფიამ თავად გამოაქვეყნა.

„ქართული ოცნების” წარმომადგენლები დღეს დღის პირველ ნახევარში აკეთებდნენ განცხადებებს, რომ მათ არ იციან, ვინ და რატომ შემოიყვანა პარლამენტში მამუკა ფიფია.

არჩილ თალაკვაძემ თქვა, რომ სხდომათა დარბაზში ფოტოს გადაღება ყველას შეუძლია, რაც შეეხება კაბინეტში გადაღებულო ფოტოს – მისი თქმით, ამაზე ჟურნალისტებმა კითხვა მას უნდა დაუსვან, ვინც ფიფია შენობაში შემოიყვანა.

ირაკლი კობახიძემ თქვა:

„დარბაზში ვერავინ შედის და დეპუტატის დარბაზში როგორ იჯდებოდა ფიფია”.

აღმოჩნდა, რომ მამუკა ფიფია პარლამენტის შენობაში ვასილ ჩიგოგიძესთან იმყოფებოდა.

მამუკა მდინარაძის თქმით, ფიფიას მიერ ფოტოს გადაღების გამო „ვასიკოც გაბრაზებულია”.

„ვასილ ჩიგოგიძემ დაუშვა საშვი, შემოიყვანა და უთხრა, რომ დალოდებოდა მის ოთახში. მაშინ აქვს, როგორც ჩანს, ეგ ფოტო გადაღებული“, – თქვა მამუკა მდინარაძემ.

მოგვიანებით კომენტარი თავად ვასილ ჩიგოგიძემაც გააკეთა.

„დიდი ხანი არ მყავდა ნანახი, შეხვედრა მთხოვა, დავაშვებინე საშვი და ჩემს ოთახში მელოდებოდა. გავიგე რომ სურათი გადაუღია, ჩემს სკამზე დამჯდარა, შეიძლება, უნდა, პარლამენტის წევრი გახდეს, ან უხარია ფოტოს გადაღება. განცვიფრებული ვარ, არ ვიცი, რას ემსახურება ეს”, – თქვა მან.