პარტიული პოლიტიკა დასრულებულია. არსებობს ორი მხარე - ნიკა მელია

პუბლიკა

მას შემდეგ რაც ნიკა მელიას საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა, „ნაციონალური მოძაობის“ ლიდერმა განცხადება გააკეთა.

პარტიის ოფისში, ტრიბუნასთან, მელიას გვერდით სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერები იდგნენ.

ნიკა მელიამ მადლობა გადაუხადა საზოგადოებას სოლიდარობისა და მხარდაჭერისთვის და განაცხადა, რომ პარტიული პოლიტიკა ამიერიდან დასრულებულია და დარჩა ორი მხარე – ეროვნული მოძრაობის ინტერესები და ოკუპანტის მოძრაობის და ივანიშვილის ინტერესები.

„გუშინ ვიხილეთ გავრილოვის პარლამენტი, დღეს კი ყველამ ერთად ვიხილეთ გავრილოვის სასამართლო. ყველაზე მთავარი, ხვალინდელი დღე, ჩვენი მომავალი, მხოლოდ და მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული.

ის ვერდიქტი, რომელიც გამოიტანა გუშინ გავრილოვის სასამართლო/პარლამენტმა, დღევანდელ სასამართლო სხოდმაზე გამოტანილი ვერდიქტი არ ასამართლებს ცალკეულ ადამიანს, ვსამართლდებით ყველა, ვინც ვდაგავრთ ისტორიის სწორ მხარეს; ვინც 2019 წლის 20 ივნისს გამოვიდა, ხმა აიმაღლა, არ შეუშინდა, სამართლიანად აღშფოთდა; თვალებში ჩახედეს უსამართლობას და თვალებგახელილმა ახალგაზრდებმა დათვებზე სანადირო რეზინის ტყვიებს თვალები არ დაუხუჭეს და ამის ხარჯზე შევინარჩუნეთ სიამაყე, ღირსება და თავისუფლება.

ასამართლებენ ყველას, ვინც მომხრეა უკეთესი ხვალინდელი დღის, განვითარებული საქართველოს. დილემის წინაშე ვდგავართ, ან თავისუფალი საქართველო, ან ღირსეული საქართველო; ან თავისუფალი მომავალი, ან ოკუპანტის მომავალი.

მე დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლება, რეჟიმი დგას მხოლოდ და მხოლოდ ძალმომრეობაზე, ჩვენ ვდგავართ სიმართლეზე. ჩვენს მხარესაა სიმართლე, რომლის გამოც ახალგაზრდებს სიცოცხლეც კი დაუთმიათ. თავისუფლების იდეა, ბატონო ივანიშვილო, სერგეი გავრილოვო, არ სამართლდება!

აი ეს ძალმომრეობა და ძალადობა დამთავრებულია. თქვენ გაწყვიტეთ ის ჯაჭვი, რომელიც გეგონათ, იყო მყარი. ჯაჭვი უკანონობის და უსამართლობის და ეს ძლიერება, რომელიც გეგონათ, იქნებოდა სამარადჟამო, დასრულებულია. მე საქართველოს მოსახლეობას ვულოცავ გამარჯვებას.

ჩვენ გამარჯვებულები ვართ. დიახ, გამარჯვებულები ვართ არამხოლოდ პოლიტიკურად, არამხოლოდ ზნეობრივად, სულიერადაც გამარჯვებული ვართ, იმიტომ რომ ამ ყველაფრისთვის უამრავ წინაპარს უცხოვრია, რომ ებრძოლა და მოეპოვებინა თავისუფლება. აგერ ვართ, ბრძოლის წინა ხაზზე, ფინიშის სწორზე, სადაც გამარჯვება ერთი ხელის გაწვდენის მანძილზეა.

მინდა, მთელმა საზოგადოებამ იცოდეს, წაშლილია ყოველგვარი პარტიული ატრიბუტიკა, ნიშანი, პარტიული პოლიტიკა დასრულებულია, არ არსებობს. არსებობს ორი მხარე – ეროვნული მოძრაობის ინტერესები,  მეორე მხარეს ოკუპანტის ინტერესები და ივანიშვილის წარმომადგენლები. ან ვდგავართ ერთ მხარეს, ან მეორე მხარეს“, – განაცხადა ნიკა მელიამ.