პასუხისმგებლობას აიღებს სისტემა და ის ექიმი, ვისაც გადაცდომა მოუვიდა – ტიკარაძე 19 წლის გარდაცვლილ გოგოზე

პუბლიკა

„პასუხისმგებლობას, რა თქმა უნდა, აიღებს სისტემა და ის ექიმი, ვისაც ეს გადაცდომა მოუვიდა. ამას დაადგენს რეგულირების სააგენტო და პროფესიული საბჭო“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილი 19 წლის თეკლა თორდიას საქმესთან დაკავშირებით.

მისი თქმით, რეგულირების სააგენტო დეტალურად სწავლობს ამ საქმეს, მოკვლევის შემდეგ კი საზოგადოებას გააცნობს შედეგებს.

„ამ საკითხს, რატომ მოხდა დაყოვნება მსგავსი პაციენტის გადაყვანის და რატომ არ მოხდა თელა თორდიას დატოვება იმ პირველ საავადმყოფოში, სადაც იყო სადიაგნოსტიკოდ მიყვანილი, ამ საკითხს სწავლობს რეგულირების სააგენტო. ჩვენ გვექნება დეტალური პასუხები ამასთან დაკაშირებით. პირველი წერტილიდან ბოლო წერტილამდე ამ კითხვებს მივაწვდით საზოგადეობას“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მისი თქმით, რეგულირების სააგენტოს უკვე აქვს ყველა დოკუმენტი, ჩანაწერები, პაციენტის ისტორია, აუდიოზარები და ამ ყველაფერის შესწავლა დაწყებულია.