პატივს ვცემთ ევროპარლამენტარებს, თუმცა ასეთ გამოხტომებს ვერ ავიტანთ - ზარქუა

პუბლიკა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა ვიზიტის გაუქმებასთან დაკავშირებით ევროპარლამენტარების განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ კომუნიკაცია ევროპარლამენტისა ყოფილ პრეზიდენტსა და საქართველოს პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეებს შორის მიმდინარეობდა, გარემოებების შეცვლის შემდეგ კი ევროპარლამენტარებისგან მსგავსი წერილი, ზარქუას შეფასებით, არაადეკვატური და მიუღებელია.

ირაკლი ზარქუა მოუწოდებს ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონს, გაასაჯაროოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტთან მიმოწერა. უმრავლესობის დეპუტატის თქმით, პატივს სცემენ ევროკავშირსა და ევროპარლამენტარებს, თუმცა ასეთ გამოხტომებს „ვერ აიტანენ“.

„მგონია, რომ ევროპარლამენტარები ან შეცდომაში არიან შეყვანილი, ან რაღაც დრამატიზებას ახდენენ. არსებობს ჟან მონეს ფორმატი, რომელიც, მათ შორის, ევროპარლამენტის პრეზიდენტსა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შორის ურთიერთობის ფორმატს გულისხმობს.

ბოლო წლების განმავლობაში რადიკალური ოპოზიციისგან ობსტრუქციას, დესტაბილიზაციასა და დესტრუქციას ვხედავდით. ამ ფორმატს ასეთ შემთხვევებზე იყენებენ.

შეთანხმება ევროპარლამენტის ძველ პრეზიდენტსა და საქართველოს პარლამენტის ძველ თავმჯდომარეს შორის იყო. ევროპარლამენტის პრეზიდენტი გარდაიცვალა და ახალი პრეზიდენტი ჰყავს. საქართველოშიც პარლამენტის ახალი თავმჯდომარე გვყავს. შესაბამისად, ისინი შეთანხმდნენ, რომ ფორმატი უნდა გაწერილიყო, როგორც ამას პროტოკოლი ითვალისწინებს.

ამ დროს ევროპარლამენტართა წერილი: იცით რა, ჩვენ შეხვედრა გვინდოდა და არ შეგხვდნენ, არის მიუღებელი და არაადეკვატური. მოვუწოდებდი, ქალბატონმა კრამონმა გაასაჯაროოს მიმოწერა, რაც პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტთან იყო.

ჩვენ პატივს ვცემთ ევროკავშირს, ევროპარლამენტარებს, ისინი ჩვენ გვეიმედებიან, თუმცა ასეთ გამოხტომებს ვერ ავიტანთ“, – განაცხადა ზარქუამ.


ჟან მონეს დიალოგის ფასილიტატორი ევროპარლამენტარების საქართველოში ვიზიტი, რომელიც 21-22 იანვარს უნდა გამართულიყო, გაუქმდა. ევროპარლამენტარების განცხადებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „დრო ვერ გამონახა“.

განცხადებას ხელს აწერენ ევროპარლამენტარები: ვიოლა ფონ კრამონი, მირიამ ლექსმანი და მარინა კალიურანდი.

ამ წერილის საპასუხოდ 22 იანვარს გავრცელდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოს მიერ ჟან მონეს დიალოგის ინიცირებასთან დაკავშირებით ევროპარლამენტის პრეზიდენტთან კომუნიკაციის დაწყების შემდეგ, საქართველოს პარლამენტის ახალი თავმჯდომარე და ევროპარლამენტის ახალი პრეზიდენტი იქნა არჩეული.

„დიალოგის პროცესში თავმჯდომარეების პირადი როლისა და ჩართულობის გათვალისწინებით მნიშვნელოვანია, დიალოგის დაწყების მომზადებამდე, შედგეს შეხვედრა ახლად არჩეულ თავმჯდომარეებს შორის და მოხდეს შეთანხმება დიალოგის წარმართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე. მოსამზადებელი ვიზიტის დაგეგმვა სწორედ ამის შემდეგ იქნება ლოგიკური და მიზანშეწონილი. აღნიშნული ინფორმაცია მიეწოდა ევროპარლამენტის შესაბამის სამსახურებს“, – ნათქვამია განცხადებაში.