პილატე პონტოელი თქვენთან მიმართებით ვახსენე - ვაშაძე პრემიერს მიმართავს

პუბლიკა

„ახალი საქართველოს” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე ფიქრობს, რომ გიორგი გახარია მოქალაქეების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას თავს არიდებს. ოპოზიციონერი პრემიერს პილატეს ადარებს.

ვაშაძე ამბობს, რომ საპატრიარქოსა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების შედეგი არის ის, რომ ადამიანების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას იხსნის, როგორც მთავრობა, ისე – საპატრიარქო.

„პილატემაც, სწორედ, როგორც თქვენ, სიმართლის თქმას სიტუაციისგან განრიდება და უდანაშაულო ადამიანის გაწირვა არჩია და ეს იმიტომ, რომ ისიც არ იყო თავის გადაწყვეტილებაში გულწრფელი და თავისუფალი. მისი მიღებისას, ისევე როგორც თქვენ, მბრძანებლის შიში და პოლიტიკური მოტივები ამოძრავებდა.

დანაშაულია პასუხისმგებლობის თავიდან არიდება და მისი ხალხისთვის დაკისრება, რადგან ადამიანები უშეცდომოები რომ ვიყოთ, არც კანონები, არც ხელისუფლება და არც სახელმწიფო საჭირო არ იქნებოდა”, – აცხადებს ვაშაძე.

გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ქრისტიანული ტრადიციიდან გამომდინარე უნდა ვიცოდეთ, რომ მთავარი ღირებულება ადამიანია და სახელმწიფო და საპატრიარქო არსებობენ ადამიანისთვის, არა – პირიქით.

„ქვეყანაში ეპიდაფეთქების რისკი მაღალია, ხვალ დიდი ხუთშაბათია, სწორედ ამ დღეს
ტაძარში მიდის და ეზიარება მორწმუნე მრევლის უმრავლესობა, მაინტერესებს რა
მითითებები გვაქვს მრევლის ჯანმრთელობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით?

ამ ყველაფრისთვისაც მხოლოდ ტელევიზორიდან აპირებთ ისევ თვალის მიდევნებას
თუ მოახერხებთ იმას რომ საგანგებო მდგომარეობის პირობებში ძალოვანი
სტრუქტურების გამოყენებით უზრუნველყოთ მოქალაქეთა ეპიდუსაფრთხოების
ნორმების დაცვა ნებისმიერ თავშეყრის ადგილას?

საფრთხე რეალურია,მასობრივი თავშეყრისს ადგილებში ეპიდემიის გავრცელების რისკი
ძალიან მაღალია, შესაბამისად მოქალაქეთა უსაფრთხოებიდან გამომდინარე
აუცილებელია მიიღოოთ მკაცრი და შესასრულებლად აუცილებელი გადაწყვეტილებები”, – აცხადებს „ახალი საქართველოს” თავმჯდომარე.

ვაშაძე მზაობას გამოთქვამს, მხარი დაუჭიროს ხელისუფლებას და ამბობს, რომ ახლა პოლიტიკური კეკლუცობისა და ნიშნის მოგების დრო არ არის.