მუხლი, რომლის საფუძველზეც პოლიცია აქციის მონაწილეებს ადმინისტრაციული წესით ხშირად აკავებდა, მესამე ჯერზე სისხლის სამართლის დანაშაულის იქნება, – აღნიშნული გამომდინარეობს „ქართული ოცნების” პარლამენტის ახალი კანონპროექტიდან.
კერძოდ, საუბარია პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის მუხლზე – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლი.
დღეს მოქმედი ნორმით:
პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა − ჯარიმდება 2 000-დან 5 000 ლარამდე ოდენობით ან იწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას, 60 დღემდე ვადით.
სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიტყვიერი შეურაცხყოფა, ლანძღვა-გინება – იწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარიდან 5 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით.
ამ ორი ნაწილის განმეორებით ჩადენა იწვევს დაჯარიმებას 3 500 ლარიდან 6 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 7 დღიდან 60 დღემდე ვადით.
რაც შეეხება სისხლის სამართლის კოდექსს – „ოცნების” ახალი კანონპროექტით, განმეორების შემდეგ კიდევ ერთხელ აქ ჩამოთვლილი ნაწილების დარღვევა უკვე სისხლის სამართლის დანაშაული იქნება და:
- დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე;
- ჩადენილი არაერთგზის − დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
„სისხლის სამართლის კოდექსს ემატება ახალი მუხლი – ვინც სამართალდამცველს მესამედ მიაყენებს შეურაცხყოფას ან არ დაემორჩილება მის კანონიერ მოთხოვნას – 1 წლამდე, ხოლო რეციდივის შემთხვევაში – 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება. არ იქნება გამოყენებული სხვა სახის სასჯელი”, – განაცხადა დღევანდელ ბრიფინგზე „ქართული ოცნების” წარმომადგენელმა ირაკლი კირცხალიამ.
პროექტს „ქართული ოცნების” პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.