პრემიერის თანამდებობაზე გთავაზობთ ევროპული სტილის ქართველ პატრიოტს მამუკა ხაზარაძეს - უსუფაშვილი

პუბლიკა

„ლელომ” პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მამუკა ხაზარაძე წარადგინა.

„დღეს ჩვენ საზოგადოებას წარვუდგენთ „ლელო საქართველოს” კანდიდატს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე. ჩვენ წარმოვადგენთ არა ახალ სახეს, არამედ ახალ ძალას, ახალ შემართებას, ახალ ენერგიას, ახლებურ მიდგომასა და ახლებურ მმართველობას.

ჩვენ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე გთავაზობთ, ევროპული სტილის ქართველ პატრიოტს მამუკა ხაზარაძეს”, – განაცხადა წარდგენინასას „ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა.

„ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ დანარჩენი კანდიდატები წარადგინა, რომლებიც, მისი თქმით, „მარშალის გეგმის“ სხვადასხვა მიმართულებას ჩაიბარებენ:

  • კახა კოჟორიძე – შინაგან საქმეთა მიმართულებას;
  • დავით უსუფაშვილი – საგარეო მიმართულებას;
  • ეკა ქვლივიძე – თავდაცვის მიმართულებას;
  • ბადრი ჯაფარიძე – ეკონომიკის განვითარების და ფინანსურ მიმართულებას;
  • გიგლა მიქაუტაძე – რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მიმართულებას;
  • ანა ნაცვლიშვილი – იუსტიციის და სასამართლო მიმართულებას;
  • ლევან კობერიძე – ჯანდაცვის, შრომის, სოცდაცვის და ოკუპირებული ტერიტორიების მიმართულებას;
  • ფიქრია ჩიხრაძე – განათლების, მეცნიერებისა და სპორტის მიმართულებას;
  • ნიკა შურღაია – გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მიმართულებას;
  • სოსო ვახტანგაშვილი – შერიგების მიმართულებას;
  • მედეა მეტრეველი – კულტურის მიმართულებას;

„არის უამრავი პოზიცია და თანამდებობა, სადაც ჩვენ მოვიწვევთ დამოუკიდებელ ადამიანებს, დამოუკიდებელ პროფესიონალებს, რომლებსაც არ აქვს მნიშვნელობა, არიან თუ არა ისინი რომელიმე პარტიის წარმომადგენლები. ჩვენ ეს კონსულტაციები დაწყებული გვაქვს.

ასევე შევთავაზებთ ოპოზიციას, ოღონდ ეს იქნება არჩევნების მერე, იმ პოზიციებს, სადაც ერთიანი ძალისხმევით შეიქმნება ძლიერი გუნდი, რომელსაც აქვს კონკრეტული მიზანი, კონკრეტული გეგმა, კონკრეტულ ვადაში გაწერილი შედეგების დადების უნარი“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.