პრეზიდენტი: ჩემი მანდატი გრძელდება, მანამ სანამ არ იქნება ლეგიტიმურად არჩეული პარლამენტი

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ხვალ მის გარშემო შეიკრიბება საზოგადოება და პოლიტიკური პარტიები და ერთად მართავენ პოლიტიკურ პროცესს.

ის აცხადებს, რომ არალეგიტიმური პარლამენტი ვერ აირჩევს ლეგიტიმურ პრეზიდენტს, შესაბამისად ვერ შედგება მისი ინაუგურაცია. სალომე ზურაბიშვილის თქმით, მისი მანდატი გაგრძელდება, სანამ არ იქნება ლეგიტიმური პრეზიდენტი.

„აქაც, პრეზიდენტთან, რომელიც დღესაა ერთადერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტი, ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუტი, აქაც შედგა ეროვნული თანხმობა. ჩემთან ჩემ ირგვლივ შეიკრიბება ხვალ საზოგადობა და პოლიტიკური პარტიები და ერთად ვმართავთ პოლიტიკურ პროცესს, რომელსაც თქვენ მართავთ გარეთ, ქუჩაში.

ჩვენ ერთად გავაკეთებთ საქმეს, ერთად წარმოვადგენთ იმ მომავალს, რომელსაც მალე მივაღწევთ ახალი არჩევნებით, ახალი საქართველოს, რომელიც დაიბრუნებს ევროპულ გზას და დამოუკიდებლობას.

ხვალ შევხვდებით კიდევ, ხვალ ჩემთან ერთად იქნებიან ის ადამიანები, რომლებიც მე მოვიწვიე და რომელთან ერთადაც ამ პოლიტიკური პროცესის სათავეში ვიქნები. მე ვრჩები როგორც თქვენი პრეზიდენტი, არ არსებობს ლეგიტიმური პარლამენტი, რომელიც ლეგიტიმურად აირჩევს პრეზიდენტს, შესაბამისად, ინაუგურაცია ვერ იქნება, ჩემი მანდატი გრძელდება, მანამ სანამ არ იქნება ლეგიტიმურად არჩეული პარლამენტი, რომელიც ლეგიტიმურად აირჩევს, ვინც უნდა შემცვალოს მე. მე თქვენთან ერთად ვიქნები“, – განაცხადა მან.