პრეზიდენტი სააკაშვილის მკურნალობაზე: ვერ ვიტყვი, რომ ამ ქვეყანაში არ არსებობს სამედიცინო პოტენციალი ამის უზრუნველსაყოფად

პუბლიკა

„ვერ ვიტყვი, რომ ამ ქვეყანაში არ არსებობს ის სამედიცინო პოტენციალი, რომელიც ამას უზრუნველყოფს“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის შესახებ საუბრისას. ჟურნალისტის შეკითხვას: შესაძლებელია თუ არა ცნობილი ფრაზის კორექტირება შეწყალებასთან დაკავშირებით „არა და არასოდეს“? ზურაბიშვილმა უპასუხა:

„ჩემი პოზიცია ამ საკითხზე არ ეხება შეწყალებას. ამაზე მე ვთქვი, რაც მქონდა სათქმელი. მიმაჩნია, რომ დღეს ყველა შემთხვევაში აუცილებელია ქვეყნისთვის, ქვეყნის რეპუტაციისთვის, რომ ყველაფერი გაკეთდეს, რაც საჭიროა იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს მისი ჯანმრთელობის ის პირობები, რაც ეკადრება ყოფილ პრეზიდენტს, რაც ეკადრება ქვეყანას. რაც შეეხება მის გადაყვანას საზღვარგარეთ სამკურნალოდ, მე ამას ვერ შევაფასებ. როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტი, ვიდრე ეს არ არის დადასტურებული, ვერ ვიტყვი, რომ ამ ქვეყანაში არ არსებობს ის სამედიცინო პოტენციალი, რომელიც ამას უზრუნველყოფს. თუ ვინმე ამას დაადასტურებს და იქნება უეჭვოდ, მაშინ უნდა იყოს მიღებული გადაწყვეტილება. მაგრამ ჩემთვის დღეს ასეთი მდგომარეობა და მოცემულობა არ არსებობს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.


გუშინ, 12 მაისს მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს. ექსპრეზიდენტის ოჯახის წევრები მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანას მოითხოვენ.