პრობლემატურ საკითხად რჩება შრომის ინსპექტორთა რაოდენობა – პროფკავშირების გაერთიანება

პუბლიკა

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება განცხადებას ავრცელებს და ბოლო დღეებში მარნეულსა და ბათუმში სამუშაოს შესრულებისას მუშების დაღუპვის შემთხვევებს ეხმაურება.

„კიდევ ერთი უბედური შემთხვევა სამუშაო ადგილზე. მარნეულში მშენებლობიდან მუშა გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა. ფატალურად დასრულებული ტრაგედია ბოლო კვირაში რიგით მესამეა, ხოლო მეთორმეტეა 2020 წელს მომხდარ უბედური შემთხვევებს შორის. 12 გარდაცვლილი და 72 მძიმედ დაშავებული 5 თვეში, ეს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების მონაცემებია, თუმცა აღსანიშნავია, რომ სტატისტიკა არ არის სრული და შემთხვევების რიცხვი კიდევ უფრო მეტია“, – აღნიშნულია საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების განცხადებაში.

განცხადების თანახმად, იმის მიუხედავად, რომ შრომის უსაფრთხოების საკითხებზე ზედამხედველ უწყებას – „შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტს“ საქართველოს ორგანული კანონის – „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საფუძველზე მიეცა შეუზღუდავი მანდატი, შრომის უსაფრთხოების საკითხებზე ზედამხედველობის განსახორცილებლად, პრობლემატურ საკითხად რჩება შრომის ინსპექტორთა რაოდენობა, რაც ხელის შემშლელი ფაქტორია ამ უწყების ეფექტიანად საქმიანობისთვის, რაზეც მეტყველებს საწარმოო უბედური შემთხვევების სტატისტიკაც.

„ერთ-ერთი ნაკლოვანებაა ისიც , რომ შრომის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი სამშენებლო კომპანიებს, ხშირ შემთხვევაში, ფორმალურად ჰყავს ან აღნიშნული სამუშაოს გაწევა დაევალა უკვე არსებულ თანამშრომელს. ეს ადამიანები კი ნაცვლად იმისა, რომ კონცენტრირებულნი იყვნენ შრომის უსაფრთხოების აღსრულებაზე, რეალურად ასრულებენ სრულებით სხვა მოვალეoბას“, – წერია განცხადებაში.

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციაზე (ILO) დაყრდნობით ამბობს, რომ გაანგარიშებით ქვეყანაში ყოველ 20 000 დასაქმებულზე უნდა იყოს 1 შრომის ინსპექტორი.

„თუ გავითვალისწინებთ საქართველოში ხელშეკრულებით დასაქმებულთა და ინდ. მეწარმეთა რაოდენობას, საქართველოში სულ მცირე 83 შრომის ინსპექტორი უნდა გვყავდეს, თუმცა 30-ით შემოვიფარგლებით. აღნიშნულის გარდა კანონის აღსრულების ეფექტიანობისთვის მნიშვნელოვანი საკითხია ინსპექტორების რეგიონალური განაწილება. სამწუხაროდ, შრომის ინსპექტორების დისლოკაციის ადგილი მხოლოდ დედაქალაქია“, – აღნიშნულია განცხადებაში.

პროფკავშირების გაერთიანების განცხადებით, დღემდე არ არის დარეგულირებული შრომის უსაფრთხოების საკითხებზე ზედამხედველი უწყებების – ქალაქების მერიის მუნიციპალური ინსპექციებისა და შრომის პირობების ინსპექტირების უფლებამოსილებების გამიჯვნის საკითხი.

„ასევე, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია მოხდეს, სამშენებლო სექტორში ჩართული დასაქმებულების ცნობიერების ამაღლება და გადამზადება შრომის უსაფრთხოების საკითხებში. მიგვაჩნია, რომ ზემოაღნიშნული ნაკლოვანებები შემაფერხებელი ფაქტორია შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობის ეფექტური აღსრულებისთვის”, – წერია განცხადებაში.