პროგრესი გვაქვს, მაგრამ ეს ის ნიშნული არაა რაზეც შეიძლება შეთანხმება შედგეს | ვაშაძე

პუბლიკა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელთან კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.

შეხვედრაში მონაწილეობენ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი და ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი.

„პროგრესი განხილვებში გვაქვს, მაგრამ ჯერ არაა ეს ის ნიშნული რაზეც შეიძლება შეთანხმება შედგეს. შინაარსობრივ დეტალებში ვერ შევალ. დღეს დღის ბოლომდე, რაღაც საკითხები დაზუსტდება და შეიძლება მხარეების პოზიცია დაახლოვდეს. მთავარია ის რომ მადლობა ჩვენს მეგობრებს, რომელთა ეგიდითაც მიდის ბლიც მოლაპარაკებები. იმედი მაქვს რომ იმ საკითხებზე რაც დარჩა დღის ბოლომდე „ქართული ოცნებისგან“ ახალ პოზიციებს ვიხილავთ. ასევე ხაზი მინდა გავუსვა, რომ დოკუმენტი რომელზეც ვმუშაობდით ეს არის არა მხარეების დოკუმენტი არამედ უკვე ევროკავშირის და აშშ-ის მიერ დადებული საბაზისო დოკუმენტი რის გარშემოც მიდის მუშაობა. აქ ფუნდამენტური განსხვავებაა თვითონ მოლაპარაკების შინაარსში.“ – განაცხადა ვაშაძემ.



ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანის და ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელს მონაწილეობით „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრებს, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში, დილიდან მართავს.

პირველი შეხვედრა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან გაიმართა. შეხვედრები გაიმართა სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთანაც.  დღის ბოლოს სავარაუდოდ უნდა ჩაინიშნოს მხარეების მონაწილეობით ერთობლივი შეხვედრა.

გავრცელებული ინფორმაცია კრისტიან დანიელსონმა საქართველო ხვალ, 14 მარტს უნდა დატოვოს.