პროკურატურამ გია ბარამიძის განცხადებებზე სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლებით გამოძიება დაიწყო

პუბლიკა

პროკურატურამ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გია ბარამიძის განცხადებებზე სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო.

უწყების განცხადებით, გამოძიებას საფუძვლად დაედო „ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის“ განცხადება. საქმე ეხება იაგო ხვიჩიას „საქართველოს დაბადებაში“ გია ბარამიძის განცხადებებს აფხაზეთის ომისა და ტყვეთა გაცვლის პროცესის შესახებ.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 307-ე პრიმა და 318-ე მუხლით დაიწყო, რაც სამშობლოს ღალატს და საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებისთვის საფრთხის შექმნას გულისხმობს.

იაგო ხვიჩიას საავტორო გადაცემა, რომლის სტუმარიც გია ბარამიძე იყო, 18 ივლისს გამოქვეყნდა. ერთ-ერთი ციტატა, რომლის გამოც გიორგი ბარამიძეს რამდენიმე დღეა, აკრიტიკებენ, ასეთია:

 „აღარ გვაძლევდნენ ისინი ტყვეებს და ჩვენ ტყვეები არ გვყავდა, ჩვენებს ტყვეები არ აჰყავდათ, ხვრეტდნენ. აუცილებელი არ იყო აბსოლუტურად, როცა ადამიანს ბიძაშვილს მოგიკლავენ, ძმას მოგიკლავენ, მეგობარს მოგიკლავენ, იქ ემოციის შეკავება ძალიან ძნელია.

[წამყვანი – იქით მხრიდანაც ხომ იგივე ხდებოდა?]

იქ დისციპლინა იყო, იმიტომ, რომ იქ იყო რუსული დისციპლინა და ისინი იყვანდნენ ტყვეებს“, – განაცხადა ბარამიძემ.


გია ბარამიძე პროკურატურის მიერ დაწყებულ გამოძიებას facebook-ზე გამოეხმაურა:

„მოღალატე რუსქოცებო და პოლიტიკურო ტურებო! საქართველოსთვი თქვენზე ნალები მებრძოლის დედა ვატირე! ქოცპროკურატურამ ჩემზე “საქართველოს ღალატისთვისო” საქმე აღძრა! არც თქვენი დევნის მეშინია და მით უფრო თქვენი ბინძური პროპაგანდის! სამშობლოს, ღმერთისა და ჩემი სინდიდის წინაშე ყოველთვის მართალი ვიყავი და ამ სიმართლეს ვერავინ წამართმევს”, – წერს ის facebook-ზე.

მანამდე სამთავრობო პროპაგანდისტულ არხებზე დაწყებულ კამპანიას ვრცელი ვიდეოთი გამოეხმაურა გია ბარამიძე და განმარტა, რა ისაუბრა იაგო ხვიჩიას განცხადებაში.

„როდესაც მოწინააღმდეგე მხარე ჩვენ ომის დაწყების პირველ კვირებში სთხოვდა, რომ ჩვენც გადაგვეცა ვიღაცა, ჩვენ არ გვყავდა ტყვეები და ამასთან დაკავშირებით ვთქვი, რომ ჩვენები ხვრეტდნენ-თქო, ანუ ჩვენები არ ინდობდნენ მტერს და ეს ბუნებრივია, როცა ომის დროს მტერს არ დაინდობ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არ არის არც ქართული სახელმწიფოს ბრალი, არც ქართული ჯარის ბრალი და ამას ვერავინ ვერსად ვერ წაგვიყენებს, ასე ვთქვათ, დანაშაულად.

როდესაც მე ეს გავაცნობიერე, მოვყევი, რომ მომიწია, გამეგრძელებინა ტყვეთა გაცვლის საქმიანობა, მომიწია ფრონტის ხაზზე წასვლა, მე თვითონ ამეღო ავტომატი ხელში და კერძოდ, ოჩამჩირის მიმართულებაზე, რომ ჩვენს მოწინააღმდეგეებს არ გაეგოთ, რომ მე ავტომატით ხელში ვიბრძვი იმისათვის, რომ ჩვენც გვყოლოდა ტყვეები და ის ტყვეები გამეცვალა ქართველებზე, რომ ქართველების სიცოცხლე გადამერჩინა“, – თქვა ბარამიძემ ვიდეომიმართვაში.