პროკურატურამ 2024 წლის 11 აგვისტოს სამტრედიაში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიის დროს განხორციელებული ძალადობის საქმეზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა. მათ შორის, ერთი ნიკა მელიაზე თავდამსხმელია, ხოლო 2 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თანმხლები პირი.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 11 აგვისტოს, პოლიტიკური პარტია „ახალის“ სამტრედიის რაიონული ორგანიზაციის ოფისის გახსნისას, სულხან-საბა ნიკოლეიშვილმა თავის არეში დაარტყა ნიკანორ მელიას, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. მომხდარის დროს, ნიკანორ მელიას თანმხლებმა პირებმა – გაბრიელ კობაიძემ და ცოტნე მირცხულავამ საპასუხოდ ფიზიკურად იძალადეს სულხან-საბა ნიკოლეიშვილის მიმართ, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ტკივილი და მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება” – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
უწყების ცნობით, სამივე მათგანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით (წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ძალადობა) წარუდგინეს, რაც სასჯელის სახით ჯარიმას ან/და 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
2024 წელს ნიკა მელია წინაასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში სამტრედიაში იმყოფებოდა და კოალიციის რეგიონული ოფისის გახსნისას მედიას კომენტარს აძლევდა, რა დროსაც მასთან ახალგაზრდა მამაკაცი მიიჭრა და თავში მუშტი დაარტყა.
სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება ცოტა ხნის წინ განახლდა და მოწმეების გამოკითხვა დაიწყო. დაახლოებით, 2 კვირის წინ გამოიკითხა ნიკა მელიაც.
როგორც ნიკა მელიას ადვოკატი ბექა კვინიკაძე „პუბლიკასთან“ ამბობდა , შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2 წლის წინ გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს, ახლა კი პროკურატურამ საქმე 162-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გადააკვალიფიცირა, რაც საარჩევნო კამპანიაში ძალადობით ხელის შეშლას გულისხმობს.
საქმის ახლა განახლებას, ადვოკატი მსჯავრდებული ნიკა მელიას მიმარ დამატებით 2 მოსალოდნელ განაჩენს უკავშირებს. ერთი მოსამართლის შეურაცხყოფას ეხება, ხოლო მეორე საბოტაჟის საქმეს. ადვოკატის თქმით, მათი მოლოდინია, რომ მელიას სასჯელი გაუხანგრძლივდება, ხოლო შსს ეცდება დააკომპენსიროს ეს წლები და თქვას, რომ ამ საქმეში ნიკა მელია დაზარალებულად ცნეს.