EPRC: 2012 წლის შემდეგ საქართველოში რეგისტრირებული ირანული კომპანიების რაოდენობა დაახლოებით 510%-ით გაიზარდა

პუბლიკა

„ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი“ საქართველოში რეგისტრირებული ირანული კომპანიებზე ინფორმაციას ავრცელებს.

ორგანიზაცია წერს, რომ მიმდინარე წლის 8 აგვისტოს აშშ-ს მიერ საქართველოში რეგისტრირებული კრიპტო-კომპანიის დასანქცირების შემდეგ, ირანული კომპანიების საკითხი უფრო აქტუალური გახდა  და საქართველოში ბოლო წლებში ირანის მოქალაქეების მიერ დაფუძნებული კომპანიების ბუმი უკვე დადასტურებული, საფრთხის კონტექსტში უნდა განვიხილოთ.

იხილეთ, ორგანიზაციის განცხადება სრულად:

2012 წლის შემდეგ საქართველოში რეგისტრირებული ირანული კომპანიების რაოდენობა დაახლოებით 510%-ით გაიზარდა, რის შედეგადაც, 2025–2026 წლებისთვის მათმა ციფრმა 12,800-ს გადააჭარბა.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ირანული ინვესტიციები ბოლო წლებში ძირითადად რამდენიმე მილიონი დოლარის ფარგლებში მერყეობდა.

2013 წლიდან 2024 წლამდე ჯამურად ირანულმა ინვესტიციებმა 41 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა პერიოდთან შედარებით ზრდა იყო, თუმცა ერთ კომპანიაზე გათვლით საკმაოდ მცირე თანხას შეადგენდა.

2024 წელს ირანიდან წმინდა FDI უარყოფითი იყო (-0.65 მლნ აშშ დოლარი), 2025 წლის წინასწარი მონაცემებით – დაახლოებით 0.4 მლნ დოლარი. შედეგად, ირანის წილი საქართველოს მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში, ოფიციალური სტატისტიკით, უმნიშვნელო რჩება.

არსებული მონაცემები, კერძოდ რეგისტრირებული კომპანიების დამფუძნებელ დოკუმენტაციაში მითითებული ინფორმაცია მოწმობს, რომ ირანული კომპანიების ოფიციალური პროფილია მცირე ვაჭრობა, უძრავი ქონება, მომსახურების სექტორი, სამშენებლო საქმიანობა, ლოჯისტიკასა და რეექსპორტთან დაკავშირებული ოპერაციები.

აქტივობის დიდი ნაწილი მცირე და საშუალო ბიზნესზე მოდის და ნაკლებად უკავშირდება მსხვილ საწარმოო, სამრეწველო ან ტექნოლოგიურ პროექტებს. თუმცა მნიშვნელოვანი ფინანსური, გამჭვირვალე ნაკადები არ ჩანს FDI-ში და ამასთან, სხვადასხვა ანალიტიკური დასკვნის თანახმად, არც დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა გაზრდილა ამ კომპანიებში.

ათობით კომპანია კი ერთი და იგივე მისამართზეა რეგისტრირებული. ერთადერთი გამჭვირვალე ფინანსური ზრდა არის ტურისტული დანახარჯების მიმართულებით – 2022-2024 წლებში ირანიდან მიღებული ტურისტული შემოსავალი გაიზარდა 91.1 მლნ დოლარდან 151.1 მლნ დოლარამდე (65%), 2025 წელს კი შემცირდა – 17,8%-ით.

სტატისტიკა აჩენს მნიშვნელოვან კითხვას: რატომ იზრდება ირანული კომპანიების რაოდენობა ბევრად უფრო სწრაფად, ვიდრე ინვესტიციების და, ზოგადად, ოფიციალური ფინანსური შემოდინებების მოცულობა?

ირანის ფინანსური სექტორის მნიშვნელოვანი ნაწილის საერთაშორისო სანქციების პირობებში ფუნქციონირების გათვალისწინებით, არ შეიძლება გამოირიცხოს, რომ ეკონომიკური ოპერაციების ნაწილი ხორციელდება ალტერნატიული, მათ შორის არასაკმარისად გამჭვირვალე ფინანსური არხებით, რომლებიც სრულად არ აისახება ოფიციალურ სტატისტიკაში.

როდესაც ეკონომიკური აქტივობის მნიშვნელოვანი ნაწილი, შესაძლოა, ტრადიციული საბანკო სისტემის გარეთ ან შეზღუდული გამჭვირვალობის პირობებში ხორციელდებოდეს, სახელმწიფოს შესაძლებლობა, სურვილის არსებობის შემთხვევაშიც, (მით უმეტეს, თუ ასეთი ნება არ არსებობს), ეფექტიანად აკონტროლოს ფინანსური ნაკადები, სანქციების შესაძლო გვერდის ავლა და ფულის გათეთრების რისკები, მნიშვნელოვნად მცირდება.

საერთაშორისო პრაქტიკაში მსგავსი მოდელი ხშირად ასოცირდება ნომინალურ (ე.წ. „ქაღალდზე არსებულ“) კომპანიებთან, რომლებიც ფორმალურად რეგისტრირებულნი არიან, თუმცა რეალური ეკონომიკური საქმიანობა შეზღუდული აქვთ. ასეთ კომპანიებს ზოგჯერ იყენებენ რეექსპორტისთვის, შუამავლური ფინანსური ოპერაციებისთვის ან სხვადასხვა ქვეყნის სანქციების და მარეგულირებელი მოთხოვნების გვერდის ასავლელად. სწორედ ამიტომ, როდესაც კომპანიების რაოდენობა სწრაფად იზრდება, მაგრამ ამას არ ახლავს ინვესტიციების, წარმოების, ექსპორტის ან დასაქმების შესაბამისი ზრდა, ჩნდება კითხვები მათი საქმიანობის რეალური ეკონომიკური მნიშვნელობის შესახებ.

მით უმეტეს ქვეყანაში, რომელსაც უვიზო რეჟიმი აქვს ევროკავშირის ქვეყნებთან, რაც ხშირად ძალიან მიმზიდველია ირანის მსგავსი ქვეყნების მოქალაქეებისა და ბიზნეს თუ პოლიტიკური წრეებისთვის.

2026 წლის 8 აგვისტოს ამერიკულმა სანქციამ საქართველოში 2025 წელს დაფუძნებული კრიპტოკომპანიის “შელბითის” წინააღმდეგ, რომლის მფლობელიც ირანის მოქალაქე სავაშ კაივანპურია (ალტერნატიული მოქალაქეობა დომენიკა, ავღანეთი), დაადასტურა, რომ სანქციების თავიდან არიდების მცდელობების საკმაოდ მრავალფეროვან სქემებთან გვაქვს საქმე.

სანქციის საფუძველი „ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან” კავშირია. კანონდარღვევის მექანიზმი – “არალეგალური ფინანსური აქტივობები”. ამ გადაწყვეტილებს ფონზე, საქართველოში ბოლო წლებში ირანის მოქალაქეების მიერ დაფუძნებული კომპანიების ბუმი და ზემოთ მოყვანილი სტატისტიკა უკვე დამატებითი, და უკვე დადასტურებული, საფრთხის კონტექსტში უნდა განვიხილოთ.

მსგავსი შემთხვევები საქართველოსთვის, როგორც მცირე და ღია ეკონომიკისთვის, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ირანის მიმართ გამოყენებული თანამედროვე სანქციური რეჟიმები მოიცავს ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიებს, ფინანსურ ოპერაციებს, რეექსპორტს და მესამე ქვეყნების გავლით განხორციელებულ სავაჭრო სქემებს. ამიტომ, ირანული ეკონომიკური აქტივობის ზრდა საქართველოსთვის მხოლოდ ეკონომიკური საკითხი აღარ არის – იგი უკავშირდება ფინანსური სისტემის სანდოობას, საერთაშორისო საბანკო ურთიერთობებს, დასავლურ ეკონომიკურ ინტეგრაციას, ქვეყნის საერთაშორისო ეკონომიკურ, და არა მხოლოდ, რეპუტაციას და ადგილს მსოფლიო რუკაზე.“ – წერს ორგანიზაცია.