სებ-ის განცხადებით, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის (OFAC) მიერ სანქცირებული საქართველოში დაფუძნებული კომპანია შპს „შელბითი“ არ წარმოადგენს ეროვნული ბანკის რეგულირებულ სუბიექტს.
ეროვნული ბანკის ცნობით, ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის (VASP) საქმიანობა მკაცრად რეგულირებულია და ამ ტიპის საქმიანობისთვის პირმა სავალდებულო რეგისტრაცია უნდა გაიაროს საქართველოს ეროვნულ ბანკში.
სებ-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის მიერ დასანქცირებულ შპს „შელბითს“ (SHPS SHELBIT) ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერად რეგისტრაციის თაობაზე ბანკისთვის არ მიუმართავს. რეესტრის მონაცემებით, კი კომპანიას გაუქმებული აქვს რეგისტრაცია.
„ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული ვირტუალური აქტივის სერვისის პროვაიდერების მარეგულირებელი ჩარჩო შესაბამისობაშია ფულის გათეთრების წინააღმდეგ მებრძოლი სპეციალურ ქმედებათა საერთაშორისო ჯგუფის (FATF) სტანდარტებსა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან, რასაც ადასტურებს ევროპის საბჭოს ექსპერტთა კომიტეტის (Moneyval) 2024 წლის შეფასება. შეფასების თანახმად, მე-15 რეკომენდაციასთან მიმართებით (რომელიც ითვალისწინებს ახალი ტექნოლოგიების დანერგვის მოთხოვნებთან შესაბამისობას და ვირტუალური აქტივების პროვაიდერების (VASP) საქმიანობის რეგულირებას) საქართველოს რეიტინგი შეადგენს “მნიშვნელოვნად შესაბამისს” (largely compliant). აღნიშნულ რეკომენდაციასთან მიმართებით ანალოგიური შეფასება აქვს მაგალითად, დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს” – ნათქვამია განცადებაში.
8 აგვისტოს, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისმა ირანისთვის სანქციებისგან თავის არიდებაში დახმარების მიზეზით, საქართველოში დაფუძნებულ კრიპტოკომპანიასა და მის დამფუძნებელს სანქციები დაუწესა.
დეპარტამენტის ცნობით, დუბაიში ოპერირებადი კომპანია კრიპტოაქტივების მრავალმილიონიან ბირჟა Shelbit Exchange ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს (IRGC) სანქციებისგან თავის არიდებაში ეხმარებოდა. აღნიშნულ კომპანიას კი სავაშ კაივანპური საქართველოში დაფუძნებული შპს „შელბითის“ მეშვეობით მართავდა