პროკურატურაში აცხადებენ, რომ თამაზ ელიზბარაშვილს მუქარის ფაქტზე ბრალდება წარუდგინეს

პუბლიკა

პროკურატურაში აცხადებენ რომ ელიზბარაშვილს მუქარის ფაქტზე ბრალდება წარუდგინეს.

მათივე ცნობით, დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობისა დაზიანების და სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 30 აგვისტოს, დაახლოებით 23:40 საათზე, თბილისში, ერთ-ერთ რესტორანში თამაზ ელიზბარაშვილი და ერთ-ერთი დაზარალებული შემთხვევით შეხვდნენ ერთმანეთს, რა დროსაც, მათ შორის წარმოიშვა სიტყვიერი კონფლიქტი წარსულში თამაზ ელიზბარაშვილის მიერ ამ უკანასკნელის და მისი ოჯახის მიმართ სოციალურ ქსელში დაწერილ კომენტართან დაკავშირებით.

მომხდარი სიტყვიერი კონფლიქტის დროს, თამაზ ელიზბარაშვილი დაემუქრა დაზარალებულს და მასთან ერთად მყოფ პირებს. კერძოდ, უთხრა, რომ ამ საქმეს ასე არ დატოვებდა, დაბრუნდებოდა დაახლოებით 30 წუთში და არ დაეტოვებინათ რესტორნის ტერიტორია. ვინაიდან დაზარალებულებისთვის ცნობილი იყო, რომ თამაზ ელიზბარაშვილი ფლობდა იარაღს, რომელიც შესაძლოა გამოეყენებინა მათ წინააღმდეგ, სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების საფუძვლიანი შიში გაუჩნდათ, რის გამოც რესტორნის დატოვება გადაწყვიტეს.

დაახლოებით 00:20 საათზე, თამაზ ელიზბარაშვილი მუქარის აღსრულების მიზნით დაბრუნდა შემთხვევის ადგილზე, რა დროსაც ხელი დემონსტრაციულად ჰქონდა ჩაყოფილი მოსაცმელის უბეში, იყო შეიარაღებული და ცდილობდა რესტორანში შეჭრას. ასევე, განაგრძობდა მუქარას და გინებას დაზარალებულების მისამართით. დაზარალებულთა ნაწილს, რომელთაც შემთხვევის ადგილის დატოვება ვერ მოასწრეს და რესტორნის მიმდებარედ იმყოფებოდნენ, მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდათ.

დაცვის თანამშრომლების აკრძალვის მიუხედავად, თამაზ ელიზბარაშვილი მაინც შევიდა რესტორნის ტერიტორიაზე. მას შემდეგ, რაც დარწმუნდა რომ დაზარალებულები იქ აღარ იმყოფებოდნენ, დატოვა მითითებული ტერიტორია. 31 აგვისტოს, თამაზ ელიზბარაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა წერილობითი სტატუსი და ვიდეო მიმართვა, სადაც იგი განაგრძობდა მუქარას და ბოდიშის მოხდას მოითხოვდა. აღნიშნული ქმედებებით დაზარალებულებს გაუჩნდათ ჯანმრთელობის დაზიანების და სიცოცხლის მოსპობის საფუძვლიანი შიში“,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

თამაზ ელიზბარაშვილი პირველ სექტემბერს, ადმინისტრაციული წესით, პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით, დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თამაზ ელიზბარაშვილი 1 სექტემბერს დაახლოებით 17:00 საათისთვის თავის სახლთან შეაჩერეს. პოლიციელებმა ელიზბარაშვილი მანქანიდან გადმოიყვანეს და განუცხადეს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე მისი პირადი ჩხრეკა უნდა ჩაეტარებინათ. თამაზ ელიზბარაშვილის მიერ ჩართულ Facebook Live-ში ისმის, რომ შსს-ს თანამშრომელმა მას მიზეზად 30 აგვისტოს მომხდარი შემთხვევა დაუსახელა.

მოგვიანებით ჩხრეკა ჩატარდა ელიზბარაშვილის სახლშიც. თავად თამაზ ელიზბარაშვილი 31 აგვისტოს ჰყვებოდა, რომ 30 აგვისტოს ერთ-ერთ რესტორანში დაახლოებით რვა პირმა გზა გადაუღობა და მათთვის ბოდიშის მოხდას სთხოვდნენ, მათ შორის, ელიზბარაშვილის მიერ დაფიქსირებული პროუკრაინული პოზიციის გამო.

ელიზბარაშვილი ჰყვებოდა, რომ სიტყვიერ დაპირისპირებას მისი ცოლიც შემოესწრო. მან მასთან დაპირისპირებულ პირებს უთხრა, რომ ცოლის გარეშე დაბრუნდებოდა და მერე გაეგრძელებინათ კამათი, თუმცა უკან დაბრუნებისას ისინი რესტორანში აღარ დახვდნენ. ელიზბარაშვილი თავის Facebook Live-ში მათგან ბოდიშის მოხდას მოითხოვდა.