საპროცესო შეთანხმების საფუძველზე რომეო მიქაუტაძეს ციხის სასჯელი 3 წლამდე შეუმცირდა

პუბლიკა

პროკურატურის ინფორმაციით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილმა მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ აღიარა ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, მოინანია, აანაზღაურა ზიანი და პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე მიმართა.

პროკურატურის ინფორმაციით, საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, რომეო მიქაუტაძეს ნაცვლად 10 წლისა, განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და 2 წელი პირობითი მსჯავრი. ასევე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 1 000 000 ლარის ოდენობით, 3 წლით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.

ასევე, პროკურატურის ცნობით, მიქაუტაძეს ჩამოერთვა:

  • ესპანეთში, ქალაქ მადრიდში მდებარე 1 882 168 ლარის ღირებულების ბინა;
  • 372 720 ლარის ღირებულების მცხეთის მუნიციპალიტეტის წეროვანში მდებარე აგარაკი;
  • 1 577 306 ლარის ღირებულების შპს „ნახიდური ჰესის” 15%-იანი წილი;
  • 510 000 ლარის ღირებულების ავტომობილი „MERCEDES-BENZ G 63 AMG“;
  • 350 000 ლარის ღირებულების ავტომობილი „LAND ROVER RANGE ROVER“;
  • 100 000 ლარის ღირებულების ავტომობილი „LEXUS ES 250“;
  • 630 110 ლარის ღირებულების 4 საათი;
  • 99 504 ლარის ღირებულების ოქროს ზოდები;
  • 19 770 ლარის ღირებულების მონეტები.

გარდა ამისა, პროკურატურა ამბობს, რომ რომეო მიქაუტაძემ სრულად აანაზღაურა შპს „თბილსერვის ჯგუფისთვის“ მიყენებული ზიანი 114 658,08 ლარის ოდენობით.

მიქაუტაძეს პროკურატურა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობასა და ფულის გათეთრებას ედავებოდა. მისი საქმე 9 სხვადასხვა ეპიზოდს მოიცავდა. პირველ ინსტაციაში საქმის განხილვისას მიქაუტაძე თავს დამნაშავედ არ მიიჩნევდა.

მიუხედავად ამისა, პროკურატურას საპროცესო შეთანხმების თაობაზე მიმართა. პროკურატურამ მაშინ შეთანხმება არ გააფორმა.

რომეო მიქაუტაძეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა 16 მარტს მიესაჯა.

ერთ-ერთი სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ პროკურორმა მარიამ ბერძენიშვილმა განაცხადა, რომ მიქაუტაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიდიოდა და სუსის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს, თანხას პირადად გადასცემდა. მისი თქმით, თანხის გადაცემა ლილუაშვილის კაბინეტში ხდებოდა.

პროკურორმა განმარტა, რომ ლილუაშვილის საქმეზე მოწმედ დაკითხულმა რომეო მიქაუტაძემ სასამართლოზე ისაუბრა იმაზეც, რომ სუსის შენობაში მისასვლელად საშვის შემოწმებისა და სხვა შესაბამისი პროცედურების გავლა უწევდა.

ბერძენიშვილი მაშინ ამბობდა, რომ გამოძიებას ჰქონდა სხვა მტკიცებულებებიც, რომლებიც მიქაუტაძის მიერ მიწოდებული ინფორმაციის სისწორესა და სანდოობას ამყარებდა.