პროკურორი არ აკონკრეტებს თუ „რომელი ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშობდა“ გიორგი უძილაური

პუბლიკა

საქმის პროკურორი ელიზბარ გოზალიშვილი არ აკონკრეტებს თუ „რომელი ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშობდა“ გიორგი უძილაური.

 „დღევანდელ პროცესზე განხილულ იქნა აღკვეთის ღონისძიების საკითხი და ბარლებულს შეეფარდა პატიმრობა. როგორც აღვნიშნე, ბრალდებული უცხო ქვეყნის დავალებით საქართველოში აგროვებდა სხვადასხვა სახის ინფორმაციას, მათ შორის ინფომრაციას სამართალდამცავი სტრუქტურების მუაშობის შესახებ, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ და ეკონომიკურ გარემოებებთან დაკავშირებით, ასევე ეთნიკური უმცირესობების შესახებ.

რაც შეეხება კონკრეტიკას – უცხო ქვეყნის დასახელება, ასევე კონკრეტულ მტკიცებულებებს, მოგეხსენებათ საქმეზე გამოძიება არის მიმდინარე პოროცესში, არის ჯაშუშობის ფაქტი, შესაბამიასად, დამატებითი ინფორმაციის გაჟღერება, რა თქმა უნდა, დააზიანებს როგორც გამოძიების, ასევე სახელმწიფოს ინტერესებს“,- განუცხადა ჟურნალისტებს საქმის პროკურორმა ელიზბარ გოზალიშვილმა.

გიორგი უძილაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. სხდომას ბრალდებული გიორგი უძილაური ესწრებოდა. სასამართლო პროცესი დახურული იყო და მას მხოლოდ მხარეები ესწრებოდნენ. საქმეს გრიფი „საიდუმლო“ ადევს.

გიორგი უძილაურის ადვოკატი ბექა გულედანი აცხადებს, რომ საქმეს გრიფი ადევს, უძილაური თავს დამნაშავედ არ ცნობს და დუმილის უფლებას იყენებს.

„ჩვენ ბრალს არ ვაღიარებთ და ვთვლით, რომ მტკიცებულებები საქმეში არ არის იმისთვის, რაც ბრალად აქვს შერაცხილი [ჯაშუშობის მუხლი] აქედან გამომდინარე ჩვენი პოზიცია იყო ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვება.

ბრალდებული იყენებს დუმილის უფლებას და არ უსაუბრია პროცესზე. არ ეთანხმება ბრალს, არც საქართველოს ინტერესების საზიანო რაიმე სახის ინფორმაციაა საქმეში და არც უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან რაიმე ტიპის კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება“ – თქვა ადვოკატმა სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან.

პროცესის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა უძილაურის ოჯახის წევრმაც: „ბიძინა ივანიშვილს დააჯერეს, რომ [ჯაშუშობდა]. დააჯერეს ადამიანებმა, რომლებმაც ჩათვალეს, რომ მათ პრორუსულ კურს გიორგიმ უღალატა”.

პროკურატურამ „ქართუ“ ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილ უფროსს, გიორგი უძილაურს ბრალი წარუდგინა. უწყების განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ უძილაური „მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, საქართველოს ინტერესების საზიანოდ, უცხო ქვეყნის დაზვერვის სამსახურის დავალებით, სისტემატურად აგროვებდა და გადასცემდა მათ სხვადასხვა სახის და კატეგორიის ინფორმაციას“.

უძილაურს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯაშუშობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გიორგი უძილაური, რომელიც ბოლოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსის თანამდებობას იკავებდა, 5 მაისს დააკავეს. სამთავრობო პროპაგანდისტულმა ტელევიზია „რუსთავი 2-მა“ თქვა, რომ „უძილაური ერთ-ერთი ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობდა“.

გიორგი უძილაური 2016-2017 წლებში ბიძინა ივანიშვილთან მუშაობდა. კერძოდ, 2016 წლის მარტიდან ის იყო „ქართუ ჯგუფის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი.