პუტინი სომხეთს „ცივილურ განქორწინებას“ სთავაზობს

პუბლიკა

ავტორი: ნეიტ ოსტილერი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აღიარა სომხეთსა და რუსეთს შორის მზარდი უთანხმოება და მიანიშნა, რომ ქვეყანას შეუძლია, ჩაატაროს „რეფერენდუმი“ ერევნის პოლიტიკური ტრაექტორიის დასადგენად.

პუტინმა დასძინა, რომ თუ სომეხი ხალხი ასე გადაწყვეტს, „ჩვენ გამოვიტანთ შესაბამის დასკვნებს და დავადგებით ნაზი, ინტელექტუალური და ორმხრივად სასარგებლო განქორწინების გზას“.

ოდესღაც ახლო მოკავშირეებს, სომხეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები ბოლო წლებში გაუარესდა. ეს განაპირობა მოსკოვის უმოქმედობამ 2022 წელს სომხეთის საერთაშორისოდ აღიარებულ ტერიტორიაზე აზერბაიჯანის თავდასხმების დროს.

მას შემდეგ სომხეთი სულ უფრო და უფრო ფოკუსირდა დასავლეთზე, რამაც რუსეთი აიძულა, ეთქვა, რომ არჩევანი სომხეთზეა. თუმცა პარალელურად არაერთხელ მიანიშნა იმ რისკებზე, რომელთა წინაშეც ქვეყანა რუსეთისგან ზურგის შექცევის შემთხვევაში აღმოჩნდება.

პუტინმა აღნიშნა, რომ შეუძლებელია, ერთდროულად იყო როგორც ევროკავშირის, ისე ევრაზიული ეკონომიკური კავშირის (EAEU) წევრი.

9 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე პუტინმა თქვა, რომ რაც შეეხება „სომხეთის გეგმებს ევროკავშირში გაწევრებასთან დაკავშირებით, ეს, რა თქმა უნდა, განსაკუთრებულ განხილვას საჭიროებს“.

სომხეთის პარლამენტმა 2025 წლის მარტში მიიღო კანონპროექტი, რომელიც მთავრობას ევროკავშირში ინტეგრაციისკენ მოუწოდებს. თუმცა მას შემდეგ ცოტა კონკრეტული ნაბიჯი გადაიდგა.

პუტინმა პრესკონფერენციაზე განაცხადა:

„ჩვენ მხარს დავუჭერთ ყველაფერს, რაც სომეხი ხალხის სასარგებლოდ იქნება. ჩვენ სომეხ ხალხთან საუკუნეების განმავლობაში განსაკუთრებული ურთიერთობა გვქონდა. თუ სომეხი ხალხი რომელიმე გადაწყვეტილებას სასარგებლოდ მიიჩნევს, ჩვენ, რა თქმა უნდა, საწინააღმდეგო არაფერი გვექნება“.

თუმცა შემდეგ პუტინმა დაიწყო იმ ეკონომიკური რისკების ჩამოთვლა, რაც შეიძლება სომხეთის რუსეთისგან დისტანცირებას მოჰყვეს.

მან თქვა:

„ხალხის, სომხეთის მოქალაქეების და ჩვენს, როგორც მისი მთავარი ეკონომიკური პარტნიორის მიმართ, სწორი იქნებოდა, თუ გადაწყვეტილება რაც შეიძლება მალე მიიღება, მაგალითად, რეფერენდუმზე. ეს ჩვენი საქმე არ არის, მაგრამ პრინციპულად ლოგიკური იქნებოდა სომხეთის მოქალაქეებისთვის კითხვა, თუ როგორი იქნება მათი არჩევანი.

ამის შემდეგ ჩვენ გამოვიტანთ შესაბამის დასკვნებს და დავადგებით ნაზი, გონივრული და ურთიერთხელსაყრელი გაყრის გზას“.

ამავე დროს, პუტინმა მიანიშნა, რომ სომხეთის ევროკავშირში გაწევრების ნებისმიერ მცდელობას შეიძლება უფრო ხელშესახები მუქარა მოჰყვეს.

„ჩვენ ახლა გვიწევს ცხოვრება იმით, რაც უკრაინასთან დაკავშირებით ხდება. და როგორ დაიწყო ეს? ეს დაიწყო უკრაინის ევროკავშირში გაწევრებით ან გაწევრების მცდელობით“, – თქვა პუტინმა. ამით დაამახინჯა 2014 წლის ევრომაიდანის პროცესები და შენიღბა საკუთარი პასუხისმგებლობა როგორც შემდგომი არეულობის გაღვივებაში, ისე 2014 და 2022 წლებში უკრაინაში რუსული ჯარების შეჭრის ბრძანების გაცემაში.

პუტინის ეს განცხადებები სომხეთსა და რუსეთს შორის დაძაბულობის მორიგი ტალღაა, რომელიც მოჰყვა პუტინისა და პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის დაძაბულ შეხვედრას მოსკოვში აპრილში და ერევნის მიერ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მასპინძლობას მაისის დასაწყისში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე.

სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია წაიკითხეთ აქ.