ქარტია ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვს

პუბლიკა

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია უსამძიმრებს ოჯახს და მედიას ტელეკომპანია „პირველის” ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას.

ქარტია მოითხოვს დაუყოვნებლივ იყოს გამოძიებული აღნიშნული შემთხვევა და შესაბამისი პირები მიეცენ პასუხისგებაში.


ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფები სასტიკად გაუსწორდნენ, საკუთარ სახლში გარდაცვილი იპოვნეს.

ლექსო ლაშქარავა სასტიკად სცემეს „სირცხვილიას” ოფისში მოძალადეების შეჭრისას. როგორც ჟურნალისტი მირანდა ბაღათურია იხსენებს: „ოპერატორი იყო სისხლის გუბეში, 20 წუთის განმავლობაში უმოწყალოდ ურტყამდნენ. მე ვყავდი კიბის მოაჯირზე 15 კაცს გაკავებული, ვკიოდი, არ მოკლათ-მეთქი, მჩქმეტდნენ და წიხლებს მირტყამდნენ,  20-მა კაცმა ჩაითრია ლექსო და არ ჩანდა”.

ლაშქარავას ოპერაცია ჩაუტარდა, მას ტვინის შერყევა დაუდგინდა და სახის ძვლები ჰქონდა ჩამტვრეული.

ამ დროისთვის ლექსო ლაშქარავას ცხედარს ექსპერტიზა უტარდება.