ბიძინა ივანიშვილის ფონდი „ქართუ“ ეხმაურება სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ზოგიერთ მოქალაქეს პოლიციიდან დაურეკეს და შეატყობინეს, რომ 2018 წელს ვალების ჩამოწერის პროგრამის ფარგლებში ჩამოწერილი ვალი რეალურად გადასახდელი აქვთ.
კერძოდ, ამის შესახებ თამუნა მუსერიძემ თქვა – მისი თქმით, სესხი „ბაზის ბანკში“ ჰქონდა.
„ვალების ამომღებმა კომპანიამ მიჩივლა, დამიბარეს პოლიციაში“, – თქვა თამუნა მუსერიძემ.
„ქართუ“ ამბობს, რომ „თუ დღეს რომელიმე ფიზიკურ პირს საკრედიტო დაწესებულებამ მოსთხოვა ხსენებული პერიოდის სესხის დაფარვა, ეს ან შეცდომაა, რისი გადამოწმებაც მარტივად შეიძლება, ან ეს კონკრეტული ვალდებულება არ აკმაყოფილებდა დადგენილ კრიტერიუმებს და შესაბამისად არ მოხვდა 2018 წლის პროგრამაში“.
2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ ბიძინა ივანიშვილის „ქართუ ფონდმა“ „ვალების განულების“ დაპირება გასცა. „ქართუ ფონდის” მიერ მაშინ შექმნილი ვებგვერდის, vali.ge-ის მიხედვით, სულ განულდა 4 მილიარდზე მეტი ლარის დავალიანება, პროგრამა კი 615,164 პირს შეეხო. მაშინ ეუთო/ოდირმა ეს ინიციატივა ხმების მოსყიდვად შეაფასა.
პროგრამა საქართველოში მოქმედ 55 ბანკსა და სხვა ფინანსურ ინსტიტუტს შეეხო.
ფონდ „ქართუს“ ინფორმაციით, გამოსყიდვას დაექვემდებარა ყველა ის სესხი, რომელიც წინასწარ განსაზღვრულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებდა. კერძოდ, საუბარია ვალდებულებებზე, რომელთა ძირითადი თანხა 2 000 ლარს არ აღემატებოდა და რომელთა მიმართაც ფიზიკურ პირებს ბოლო ერთი წლის განმავლობაში სესხის პროცენტი არ ჰქონდათ გადახდილი.
ფონდი დღეს განმარტავს, რომ სესხები მხოლოდ იმ ფინანსური ინსტიტუტებისგან გამოისყიდა, რომლებმაც აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობაზე თანხმობა განაცხადეს.
„ქართუ“ ხაზს უსვამს, რომ გამოსყიდული ვალდებულებები მხოლოდ მათი პატიების მიზნით შეიძინა და გამორიცხულია, ფონდმა აღნიშნულ სესხებზე მოქალაქეებს რაიმე სახის მოთხოვნა წაუყენოს.
ფონდი ამბობს, რომ მოქალაქეებს, რომლებსაც პროგრამა შეეხოთ, ვალდებულების სტატუსის გადამოწმება და შესაბამისი ცნობის მიღება საკრედიტო საინფორმაციო ბიურო „კრედიტინფოში“ შეუძლიათ. წერილობითი მიმართვის შემთხვევაში კონკრეტული სესხის შესახებ ინფორმაციას თავად ფონდ „ქართუც“ გასცემს.
„ყველა დაინტერესებულ პირს მოვუწოდებთ, არ აყვეს არაკეთილსინდისიერ პირთა მიერ ატეხილ აჟიოტაჟს და გადაამოწმოს თავისი ვალდებულებების სტატუსი შესაბამის სტრუქტურებში“, – აცხადებს „ქართუ“.