„ქართული მარში“ 2 ნოემბრიდან „ქართული ოცნების“ ოფისის პიკეტირებას გეგმავს

პუბლიკა

ულტრაციონალისტური პარტია „ქართული მარში“ 2 ნოემბრიდან „ქართული ოცნების“ ოფისის პიკეტირებას გეგმავს. ამის შესახებ „პუბლიკას“ პარტიის წარმომადგენელმა, ირაკლი შიხიაშვილმა უთხრა.

შიხიაშვილის თქმით, ისინი არ ეთანხმებიან არჩევნების შედეგებს და მიაჩნიათ, რომ მმართველმა პარტიამ არჩევნების შედეგები გააყალბა. მისი თქმით, „ქართული მარში“ რიგგარეშე არჩევნებს მოითხოვს.

„მოვუწოდებთ ყველა ეროვნულ ძალას, რომ შემოგვიერთდნენ და მთავარი გამყალბებლის ოფისს დავუწყოთ პიკეტირება. მოთხოვნა გვაქვს ერთი, რომ გაუქმდეს ეს ტყუილი არჩევნები და დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები“, – განაცხადა შიხიაშვილმა.

მისი თქმით, ისინი ელოდებოდნენ დაახლოებით 55 000 ხმას, თუმცა, შედეგების მიხედვით, 4 000 ხმა მიიღეს, რასაც არ ეთანხმებიან.

შიხიაშვილის თქმით, ოპოზიციური პარტიების მოთხოვნები სამართლიანია, თუმცა არ გამორიცხავს, რომ შედეგები შეთანხმებული იყოს ოპოზიციასთანაც. ულტრანაციონალისტური პარტიის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნები ამ შემთხვევაში სამართლიანია და ამ პროცესში უშვებენ იმასაც, რომ მათ გვერდითაც დადგნენ.

„ჩვენ არ ვდგავართ რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის მხარეს. ჩვენ ვართ სამართლიანობის მხარეს. პოლიტიკური გემოვნება და იდენტობა, პოლიტიკური პლატფორმა აბსოლუტურად განსხვავებულია, ნებისმიერი პოლიტიკური  ჯგუფისგან, რომელიც რუსთაველზე დგას, თუმცა ერთ რამეს ვამბობთ, სამართლიანობა დაირღვა არჩევნებში, „ქართულმა ოცნებამ“ მოიპარა ხმები.

მათი მოთხოვნა რომ ყოფილიყო უსამართლო, ამ ნაბიჯს არ გადავდგამდით. „ნაციონალურ მოძრაობას“ უსამართლოდ რომ მოეთხოვა ხელახალი არჩევნები, ბუნებრივია, რეაქცია პირიქით გვექნებოდა. ჩვენი მოთხოვნა და მათი მოთხოვნა სამართლიანია. ამ შემთხვევაში ჩვენი მოთხოვნები ერთია.

ვისაც აქვს სამართლიანი მოთხოვნა, შეუძლია, მოვიდეს. მე რა უფლება მაქვს, ვინმეს აქციაზე მოსვლა ავუკრძალო. უბრალოდ, ჩვენი  აქციის გარკვეულ გეგმას უნდა მიჰყვეს“, – განაცხადა შიხიაშვილმა „პუბლიკასთან“.

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, „ქართულმა მარშმა“ ხმების 0.25% მიიღო.