„ქართულმა მარშმა" გლდანში, ნიკა მელიას შტაბთან აქცია გამართა

პუბლიკა

„ქართულმა მარშმა” გლდანში, ოპოზიციის ნაწილის მაჟორიტარობის კანდიდატის ნიკა მელიას შტაბთან აქცია გამართა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია. ისინი „მარშის” წევრებს შტაბთან მიახლოების საშუალებას არ აძლევდნენ. აქციის დასასრულს „ქართულმა მარშმა” ნიკა მელიას პლაკატი დაწვა.

„ნიკანორ მელიასთან მოვედით იმიტომ, რომ მას არ მოუწერია ხელი მიწის გაყიდვაზე, მაინტერესებდა, ეყოფოდა თუ არა გამბედაობა, ვაჟკაცობა, სამშობლოს სიყვარული, მაინტერესებდა გარეჯის დათმობაზე პასუხი ექნებოდა თუ არა. მე ველოდი, რომ ნიკანორ მელია პავლიკ მოროზოვების ნაცვლად აირჩევდა სამშობლოს სიყვარულს. თუ ნიკა მელია აქ არ იმყოფება და დაიმალა სოროში, ნიკანორ მელიას ოფისზე გაიკვრება მისი პლაკატი”, – განაცხადა „ქართული მარშის” წევრმა ირაკლი შიხიაშვილმა.

მან „TV პირველის” ეთერში საუბრისას კი განაცხადა, რომ ორშაბათიდან ოპოზიციური პარტიების ოფისების პიკეტირებას აპირებენ.

„ჩვენი აქციის მიზანი იყო, რომ ლუსტრირება მომდარიყო „ნაციონალური მოძრაობის”, რომ საზოგადოებას დაენახა, რომ ეს მოღალატე და მოძალადე ძალა ერთხელ და სამუდამოდ ქართველმა ერმა უნდა დაასრულოს…  ქართველი ერის მოთხოვნით და დაკვეთით საქართველოში „ქართული მარში” დაიძრება და საქართველოში „ნაციონალური მოძრაობისა” და მათი ანასხლეტების ოფისებს გაუკეთებს პიკეტირებას, იმიტომ, რომ ისინი არჩევნებს არ ატარებენ, ისინი ცდილობენ, რომ ქვეყანაში არჩევნების შემდეგ განავითარონ რევოლუციორი სცენარი”, – განაცხადა შიხიაშვილმა „TV პირველის” ეთერში.