„ქართულმა ოცნებამ" განაახლა პარტიის წევრებზე ზეწოლა და მუქარა - მეზვრიშვილი

პუბლიკა

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა დღეს ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ „ნაციონალური მოძრაობის“ მსგავსი მეთოდებით განაახლა პარტიის წევრებზე ზეწოლა და მუქარა.

„როგორც ჩანს, „ოცნება“ ვერ ეგუება, რომ პოლიტიკურ ველზე პარტია „საქართველოსთვის“ გამოჩენით დაიწყო ცვლილებები, რაც პირდაპირ კავშირშია „ოცნების” ერთპიროვნული მმართველობის დამარცხებასთან, მით უმეტეს ამოწურული პოლიტიკური რესურსის პირობებში.

როგორც ჩანს, აღნიშნულის გააზრებამ „ოცნებაში“ გამოიწვია შიში და „ნაციონალური მოძრაობის“ მსგავსი მეთოდებით განაახლეს პარტიაზე თავდასხმა, რაც ჯერ კიდევ ახალი წლის წინა ღამეს სამეგრელოს რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელ მალხაზ თორიასა და მის არასრულწლოვან შვილზე (ხაზგასმით აღვნიშნავ, არასრულწლოვან შვილზე !) თავდასხმით დაიწყო. 20 დღე გავიდა და 24 საათში გამოსაძიებელ საქმეზე შედეგი არ არის და ეს მაშინ, როცა გამოძიებისთვის ცნობილია თავდამსხმელთა ავტომანქანების საიდენტიფიკაციო მონაცემები, რომელიც გამოძიებას ჩვენმა თანაპარტიელმა მიაწოდა.

„ოცნება“ ბოლო დღეების განმავლობაში პოლიტიკური ნიშნით განაგრძობს ზეწოლას, პარტიის არაერთი მხარდამჭერის სამსახურიდან გათავისუფლებით“, – ამბობს ის.

რაც შეეხება პარტიის დატოვებასთან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენებს, მეზვრიშვილი ამბობს, რომ აღნიშნულიც „ოცნების“ ზეწოლის შედეგი და მის მიერ დაგეგმილი კამპანიის გაგრძელებაა.

„ეს ყველაფერი ვიცით, რომ გაგრძელდება. ისიც ძალიან კარგად ვიცით, ვინ ახორციელებს ამ ყველაფერს და ვისი მისამართით, თუმცა ეს ყველაფერი ჩვენ ვერ გაგვაჩერებს, იმიტომ, რომ ჩვენ გავაგრძელებთ თანმიმდევრული ნაბიჯების გადადგმას, იმ ცვლილებებისთვის, რისი მიზანიც არის, რომ „ოცნების“ მაფიოზური მმართველობა დამარცხდეს, ამიტომ, რამდენი წევრიც არ უნდა დააშინონ, ჩვენ ამ პროცესებს ჩვენ თანმიმდევრობით გავაგრძელებთ.

მინდა გითხრათ, როგორც წინა შემთხვევებში, სამწუხაროდ, ძალოვანი უწყებების მხრიდან რეაგირება კვლავ არ არის, რაც „ოცნების“ მიერ ორგანიზებულ დანაშაულში მათ პირდაპირ მონაწილეობასა და პარტიის მიერ მათ ინსტრუმენტად გამოყენებაზე მიუთითებს. ინსტრუმენტად ხალხის წინააღმდეგ, საკუთარი ძალაუფლების განმტკიცებისთვის”, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

პარტია „საქართველოსთვის“ მოუწოდებს ხელისუფლებას, გაასაჯაროოს პარტიის წევრ მალხაზ თორიაზე თავდასხმის კადრები, ასევე, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ პატიმრობიდან აკაკი ბართაია.