ქორწინების იძულებების დანაშაულზე პოლიციისადმი მომართვიანობა გაზრდილია - შსს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბავშვობის ასაკში ქორწინების მოტივით ჩადენილ
დანაშაულებზე 2019 წლის ანგარიში დისტანციურად წარადგინა.

შს სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტმა მთელი ქვეყნის მასშტაბით 200-მდე სისხლის სამართლის საქმე შეისწავლა, რომლის შესაძლო ჩადენის მოტივიც ბავშვთან ქორწინება იყო და რომლებზეც 2019 წელს დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე, 143-ე და 150-ე პრიმა მუხლებით.

„2019 წელს ზემოხსენებული დანაშაულის შესაძლო ჩადენის 175 ფაქტი გამოვლინდა, რომლის მოტივიც ბავშვთან ქორწინება იყო. აღნიშნული მაჩვენებელი თითქმის
იდენტურია 2018 წლის მონაცემების, რაც 176 შემთხვევას შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ 2019 წელს 2018 წელთან შედარებით, გაზრდილია შესაძლო
ქორწინების იძულების დანაშაულებზე (სსკ-ის 150-ე პრიმა მუხლი) პოლიციისადმი
მომართვიანობისა და სისხლისსმართლებრივი დევნის დაწყების მაჩვენებელი.
კერძოდ, 2019 წელს არასრულწლოვანი გოგონას შესაძლო ქორწინების იძულების
თაობაზე გამოძიება დაიწყო 14 ფაქტზე, ხოლო 2018 წელს – 9 ფაქტზე. ასევე,
2019 წელს სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 5 პირის მიმართ, ხოლო 2018
წელს – 1 პირის მიმართ“, – ნათქვამია უწყების გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყების ცნობით,  მოსახლეობაში სამართლებრივი ცნობიერების ნაკლებობა და აღნიშნული დანაშაულების შესახებ ინფორმაციის სიმწირე კვლავ რჩება გამოწვევად, რის
გამოც ხშირად შესაძლო დანაშაულის ჩადენის თაობაზე პოლიციის ინფორმირება
რამდენიმე თვის დაგვიანებით ხდება.