„ქორწინების ზღვრული ასაკის შემცირება შესაძლებელი გგონიათ?" - დეპუტატის კითხვა მოსამართლეს

პუბლიკა

იურიდიულ კომიტეტზე საქართველოს პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, გენადი მაკარიძის მოსმენა მიმდინარეობს. კანდიდატს კითხვები დაუსვა „ევროპელი სოციალისტების“ წარმომადგენელმა, ფრიდონ ინჯიამ.

მისი კითხვები ეხებოდა ცილისწამებისა და მედიის რეგულირების საკითხებს. ასევე კითხვა დაუსვა ქორწინების ასაკის შემცირებასთან და ნარკოლიბერალიზაციასთან დაკავშირებით.

ფრიდონ ინჯია: ბატონო გენადი, მოგესალმებით, დიდი პატივია უზენაესი საბჭოს წევრობა. დღეისთვის ხშირია ცილისმწამებლური განცხადებები პრესასა და მედიაში. უნდა იყოს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საგანი, თუ არა ცილისწამება? მოკლედ მიპასუხეთ – კი თუ არა.

გენადი მაკარიძე: ესე – კი თუ არა გამიჭირდება. სიტყვის გამოხატვის თავისუფლებასთან მიმართებით შეიძლება პრობლემები შექმნას ამ საკითხმა და კარგად არის დასაფიქრებელი. ქართული კანონმდებლობა ცილისწამებასთან მიმართებაში იცნობს პასუხისმგებლობას. ამ ტიპის დავები არაერთი განიხილება, ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე და ამ მოცემულობით რაც არის, სავსებით საკმარისია.

ფრიდონ ინჯია: თქვენ სამი შვილი გყავთ, ფიქრობთ კიდევ გამრავლდეს თქვენი ოჯახი?

გენადი მაკარიძე: ადამიანს რაც მეტი ჰყავს შვილი, მით უკეთესია ერისთვის, ქვეყნისთვის…

ფრიდონ ინჯია: საქართველოში დემოგრაფიული პრობლემებია. ქორწინების ზღვრული ასაკის შემცირება შესაძლებელი გგონიათ? ერთი წლით მაინც…

გენადი მაკარიძე: ვფიქრობ, რომ არა. ის, რაც დადგენილია გონივრულია.

ფრიდონ ინჯია: რომელია თქვენთვის უფრო მისაღები – შეკრებითობა თუ შთანთქმა?

გენადი მაკარიძე: მე სისხლის სამართლის კუთხით არ ვმუშაობ. შეკრებითობას საქმე მიჰყავდა იქამდე, რომ ხშირად პირი იღებდა ისეთ სასჯელს, რომელიც არაადეკვატური იყო.

ფრიდონ ინჯია: გასამკაცრებელია თუ არა ნარკოლიბერალიზაციის საკითხი?

გენადი მაკარიძე: საკონსტიტუციო სასამართლომ იმსჯელა ამ საკითხზე. ის, რაც უკავშირდება ნარკოტიკული საშუალებების გასაღებას/ საზღვარზე შემოტანას და რეალიზაციას, ამ კუთხით რაც უფრო მკაცრი იქნება მით უკეთესი.

ფრიდონ ინჯია: სისხლის სამართლის კოდექსში უნდა დაბრუნდეს თუ არა სამშობლოს ღალატი?

გენადი მაკარიძე: სამშობლოს ღალატი გამოიხატება გარკვეული ქმედებით და ამ ქმედებებზე ითვალისწინებს კოდექსი დასჯადობას. ვინმეს სახელის შეცვლა თუ უნდა არ ვიცი.

ფრიდონ ინჯია: როცა მედიაში გაჟღერდა ისეთი ფაქტი, რომლებიც კანონდარღვევის ჩარჩოებშია, პროკურატურამ, ვინც იცავს, უნდა აღძრას თუ არა სარჩელი, გამოკვლევა უნდა დაიწყოს არის თუ არა სისხლის სამართლის დანაშაულის ელემენტები? მაგალითად, თვითმფრინავის რეისი მიდის და იქ შეიძლება იყოს ბომბი და ეს შეგნებულად არასწორი ინფორმაციაა. უნდა აღძრას საქმე პროკურატურამ?

გენადი მაკარიძე: შეიძლება ზუსტად ვერ გითხრათ ნორმებზე, მაგრამ შესაძლო დანაშაულზე კანონმდებლობით იწყება გამოძიება და მათ შორის იმ საკითხებზე, რომლებიც გახდა ცნობილი.