ქრისტეს გზა სასუფევლისაკენ ეს არაა „ეგოისტური გზა“, მხოლოდ საკუთარ ცხონებაზე ზრუნვის გზა – მღვდელი გიორგი სტეფნაძე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმსახური გიორგი სტეფნაძე პანდემიის პერიოდში სააღდგომო ლიტურგიის მრევლთან ერთად ჩატარების საკითხს Facebook-ზე ეხმაურება:

„არაერთხელ მითქვამს, არაერთხელ მიქადაგია, ხშირად შემიხსენებია თქვენთვის, რომ ქრისტეს გზა სასუფევლისაკენ ეს არაა „ეგოისტური გზა“, მხოლოდ საკუთარ სულზე, საკუთარ ცხონებაზე ზრუნვის გზა, ამიტომ, მოდი, შევთანხმდეთ და მოვრჩეთ საუბარს შემდეგი კონტექსტით: „მე რომ არ ვეზიარო მოვკვდები, მე რომ ტაძარში არ მივიდე მე…. მე… მე…. “, გავცდეთ საკუთარ სიამოვნებაზე ფიქრსა და საუბარს, ყოველგვარ მსგავს კონტექსტს და ამის იქეთ დავიწყოთ მსჯელობა, ანალიზი, საუბარი.

რა თქმა უნდა, ძალიან, ძალიან სამწუხაროა და მტკივნეული ყოველი ჩვენგანისათვის, რომ აღდგომის ყველაზე ბედნიერ დღეს ვერ იქნება ჩვენი ზეიმი სრულყოფილი, ამ მოცემულ სიტუაციაში ამ ყოველივეს მოკლებით,  მაგრამ…. მაგრამ….

გაგახსენებთ პირველ საუკუნეებს, ქრისტიანთა მოწამეობის პერიოდი მუდამ ამ ტკივილებით იყო აღსავსე (არც ტაძრები, ფარული მსახურება, ვიღაც ამ დღეს საპყრობილეში ჰყავდათ ჩაგდებული რწმენის გამო და ზიარების გარეშე რჩებოდა და ა.შ), თუმცა ნეტავ მათ რომ ჰქონდათ სულში აღდგომის ზეიმი და ქრისტესთან ერთობა, ჩვენ ოდესმე განგვეცადოს ეს. ისინი არ წუწუნებდნენ, არც თავი ეცოდებოდათ, არც აგრესიიით პასუხობდნენ არავის, ლოცულობნდენ მოძულეებზე”, – წერს მამა გიორგი სტეფნაძე.

ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მიუხედავად, საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, ვნების კვირეულის განმავლობაში ღვთისმსახურება ერისკაცთა დასწრებით ტარდება.