ქსკ „ლანჩხუთი“ - მადლობა ჭეშმარიტ გულშემატკივარს, რომელიც ბოლომდე იდგა სიცივეში და გვამხნევებდა

პუბლიკა

ქალთა საფეხბურთო კლუბი „ლანჩხუთი“ გუშინდელი მარცხის შემდეგ გულშემატკივარს მადლობას უხდის. კლუბმა განცხადება სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

„შესაძლებლობების ზღვარზე.

არ გვჭირდება თანაგრძნობა. გვჭირდება გულშემატკივრობა.

დიდი მადლობა ყველა ჭეშმარიტ გულშემატკივარს! განსაკუთრებით ყველა იმ ლანჩხუთელს, რომელმაც ზუსტად იცოდა, რომ თამაშს ვერ დაესწრებოდა; რომელმაც ზუსტად იცოდა, რომ თამაშის შემდეგ ლანჩხუთში ცხრა საათამდე დაბრუნება უნდა მოესწრო, მაგრამ მაინც ჩამოვიდა, იდგა სტადიონის გარეთ, წვიმაში, სიცივეში და გუნდს, მიუხედავად ანგარიშისა, ბოლომდე ამხნევებდა!“, – წერია განცხადებაში.

„ლანჩხუთი“ უეფას ქალთა ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალის პირველ მატჩში „როსენგარდთან“ დიდი ანგარიშით დამარცხდა. მიუხედავად 7 გოლისა, სპორტული საზოგადოება „ლანჩხუთის“ მეკარის, თათია გაბუნიას დამსახურებაზე საუბრობს. მან კარში 28-დან 21 დარტყმის აღება მოახერხა და „ლანჩხუთი“ უფრო დიდი ანგარიშით მარცხს გადაარჩინა.

აღსანიშნავია, რომ შვედური „როსენგარდი“ 1970 წელს დაფუძნებული გუნდია და არსებობის 50-წლიანი ისტორია აქვს. „როსენგარდის“ 6 ფეხბურთელი შვედეთის ეროვნულ ნაკრებში ასპარეზობს. ნაკრები რეგულარულად მონაწილეობს მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებში, არის ევროპის 1984 წლის ჩემპიონი და მსოფლიოს 2003 წლის ვიცე-ჩემპიონი.

შედარებისთვის, საქართველოში ქალთა შორის რეგულარული ჩემპიონატი მეხუთე წელია ტარდება.

1/16 ფინალის მეორე მატჩი 16 დეკემბერს შვედეთში გაიმართება. ორი მატჩის ჯამში გამარჯვებული უეფას ქალთა ჩემპიონთა ლიგის მომდევნო ეტაპის საგზურს მოიპოვებს და 16 გუნდს შორის იასპარეზებს.

„როსენგარდთან“ დამარცხებამდე, ლანჩხუთმა ჯერ ყაზახური „ოკჟეტპესი“, ხოლო შემდეგ რუმინული „ოლიმპია კლუჟი“ დაამარცხა.

ქსკ „ლანჩხუთი“ პირველი გუნდია ქართული ფეხბურთის ისტორიაში, რომელიც უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალში გავიდა.