ქვა, ნამგალი და ურო „ნაციონალური მოძრაობის“ სამარკო ნიშნებია, ასე რომ, ქვები მოიკითხონ მათკენ - ოხანაშვილი

პუბლიკა

„ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს „ქართულ ოცნებას“ როგორ გაუსწორდნენ ქვებით 2012 წელს. ქვა, ნამგალი და ურო – ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ სამარკო ნიშნები, ასე რომ, ქვები მოიკითხონ მათკენ. მათთან არის ასოცირებული და დაკავშირებული და კონკრეტული ფაქტი მთელმა საზოგადოებამ კარგად იცის“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ანრი ოხანაშვილის თქმით, კონკრეტულად რა მოხდა, ეს უნდა გამოიკვლიოს და გაარკვიოს შესაბამისმა უწყებებმა.

„გახსოვთ, კარალეთში რა იკადრეს და გააკეთეს, როდესაც კახა კალაძეს და იქ მყოფ მაშინ პარტიის წევრებს და ყველა შეკრებილ ადამიანს ქვებით როგორ გაუსწორდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები. ამიტომ, ეს მათი ხელწერაა“, – აღნიშნა ოხანაშვილმა.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, სწორედ „ქართული ოცნების“ არანაირ ინტერესში არ და ვერ შევა რაიმე ფორმით დაძაბულობის შექმნა.

„წარმოუდგენელია, რომ „ქართულ ოცნებას“ დააბრალო ის, რასაც შენ აკეთებ, თუმცა, ეს მათი ხელწერა ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის. ამიტომ, რაც მთავარია, ჩვენ არ მივცემთ არცერთ ძალას, კრიმინალურ დაჯგუფებებს განსაკუთრებით, იმის უფლებას, რომ ქვეყანაში საზოგადოებრივი უსაფრთხოება, სტაბილურობა, არჩევნების დემოკრატიული ჩატარება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენონ“, – აღნიშნა ოხანაშვილმა.

მისივე განმარტებით, სწორედ ამისთვის ხდება მობილიზება და იმის უზრუნველყოფა, რომ დამკვირვებლები ჩამოვიდნენ საქართველოში.