„რა ხდება ნინოწმინდის პანსიონში" - აქტივისტმა დეპუტატებს ფურცლები გადააყარა

პუბლიკა

დღეს სამოქალაქო აქტივისტები პლენარულ სხდომათა დარბაზში შევიდნენ და დეპუტატებს წვრილად დაჭრილი ფურცლები იარუსიდან გადააყარეს.

ფურცლებზე წერია – „რა ხდება ნინოწმინდის პანსიონში?“. მანდვე მითითებულია აქციის თარიღიც – 13 ივნისს, 17 საათზე:

სამოქალაქო აქტივისტი მამუკა ჯუღელი „პუბლიკასთან“ ამბობს, რომ „ამით პარლამენტის წევრებს მოუწოდეს, რომ იმოქმედონ“.

ფოტო: ტარიელ ნაკაიძე

5 ივნისს სასამართლომ დააკმაყოფილა ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ მოთხოვნა ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშვების გაყვანის შესახებ. 

საქართველოს სახალხო დამცველმა 2 ივნისს გაავრცელა განცხადება ნინოწმინდის პანსიონში სავარაუდო დანაშაულებრივი ფაქტების შესახებ. ომბუდსმენის თქმით, აპარატმა ინფორმაცია გამოითხოვა პროკურატურიდან და შსს-დან. მისი თქმით, მიღებული ინფორმაციით ირკვევა, რომ ‪2016-2021‬ წლებში დაწყებულია სისხლის სამართლის ოთხი საქმის გამოძიება არასრულწლოვნების მიმართ სავარაუდო ძალადობის ფაქტზე, მათ შორის გამოძიება მიმდინარეობს სავარაუდო გაუპატიურების ფაქტზეც.

სახალხო დამცველის რწმუნებულებს დღემდე არ ეძლევათ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში შესვლისა და კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული უფლებამოსილების – ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგის – შესაძლებლობა. სხალთის მთავარეპისკოპოსი სპირიდონი (აბულაძე) ამბობს, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენლები პანსიონში მისი კურთხევით არ შეუშვეს.

7 მაისს ცნობილი გახდა, რომ გაეროს ბავშვთა კომიტეტმა დროებითი ღონისძიება გამოსცა, რომლითაც დააკმაყოფილა ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) 5 მაისის საჩივარი და მთავრობას ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში, ყველა შესაბამისი უწყების მიერ, მონიტორინგის ჩატარების უზრუნველყოფა დაავალა.

19 მაისს საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულები განმეორებითი ვიზიტით იმყოფებოდნენ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში, თუმცა გაეროს ბავშვთა კომიტეტის მიერ მიღებული დროებითი ღონისძიების მიუხედავად, მონიტორინგის შესაძლებლობა ისევ არ მიუციათ.