რა რეგულაციების დაცვით ჩატარდება წლევანდელი ეროვნული გამოცდები

პუბლიკა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2021 წელს საგამოცდო პროცესს არ გამოეთიშებიან ის გამოსაცდელები, რომლებსაც გამოცდების მიმდინარეობისას კოვიდ-19-ის დიაგნოზი დაუდასტურდებათ. საგამოცდო პერიოდის დასრულებამდე მათთვის დამატებით შესაბამისი საგნის ერთი საგამოცდო სესია განისაზღვრება. ცენტრი უფლებამოსილია დამატებით სესიაზე მოიწვიოს გამოსაცდელები, ინფიცირებიდან არანაკლებ 14 დღის გასვლის შემდეგ. ამასთან, დამატებითი სესია თითო საგანში მხოლოდ ერთხელ გაიმართება.

გამოსაცდელებმა უნდა იხელმძღვანელონ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული რეკომენდაციებით, კერძოდ:

მაქსიმალურად დაიცვან სოციალური დისტანცია;

ეკეთოთ პირბადე, როგორც გამოცდებზე რეგისტრაციის დროს, ასევე გამოცდების მიმდინარეობისას;

დაიმუშაონ ხელები ადგილზე განთავსებული სადეზინფექციო ხსნარით.

რეკომენდაციების შესაბამისად, გასული წლის მსგავსად, გამოსაცდელთა და მეთვალყურეთა დაშვება მოხდება მხოლოდ ყოველი საგამოცდო სექტორის ფართობის 50%-ზე. თითოეული სამუშაო მაგიდა წინა მხრიდან აღჭურვილი იქნება გამჭვირვალე დამცავი ფარით/ბარიერით; მაგიდებს შორის დაშორება იქნება მინიმუმ 2 მეტრი, ერთმანეთის მიმდევრობით განლაგებულ მაგიდებს შორის მანძილი კი – 1 მეტრი. პირბადის ტარება მთელი საგამოცდო პროცესის მანძილზე სავალდებულოა. კონდიციონერები ირთვება 30° გრადუსზე მაღალი ტემპერატურის პირობებში. ცენტრი წელსაც მოაწყობს სპეციალურ სივრცეებს იმ გამოსაცდელებისათვის, რომელთაც აღენიშნებათ ტემპერატურა.

ცენტრის ცნობით, გამოსაცდელებმა თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და საგამოცდო ბარათი; ასევე, სურვილის შემთხვევაში – წყალი პლასტმასის ბოთლით, დამატებითი პირბადე და გელიანი (ე. წ. ტუშის) შავი ფერის კალამი 0,5-0,7 მმ. ბურთულიანი წვერით. ამ ჩამონათვალის გარდა, სხვა პირადი ნივთების მოტანა არ არის რეკომენდებული, რათა მაქსიმალურად შემცირდეს ნივთებიდან დაავადების გადატანის/გავრცელების რისკი.