რაჭაში ტყეზე ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნით კარავი ონის მერიასთან გაიშალა

პუბლიკა

ონში, რაჭაში ტყეზე ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნით კარავი მერიასთან გაიშალა. მანამდე აქციის მონაწილეებს კარავი ამ ადგილიდან მოშორებით ჰქონდათ გაშლილი.

ამ პროცესს წინ უძღოდა პოლიციასთან პოლემიკა – პოლიციის წარმომადგენელმა ადგილზე შეკრებულ მოქალაქეებს განუმარტა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს წინ არ შეიძლებოდა კარვის გაშლა. მოქალაქეების თქმით, კი ისინი მოქმედ რეგულაციებს არ არღვევდნენ, ვინაიდან არ ბლოკავდნენ შესასვლელებს.

ონში აქციაზე 49-წლიანი ლიცენზიის გაუქმებას მოითხოვდნენ, რის საფუძველზე დავით ხიდაშელს ტყე გადაეცა. ამ მოთხოვნით, 27 სექტემბრიდან მოქალაქეებმა ქალაქის ცენტრში კარავიც დადგეს და 24-საათიანი მორიგეობა დაიწყეს. გოლეთიანის თქმით, ვინაიდან ისინი 24-საათიანი პროტესტს მიმართავენ, ღამით ცივა და კარავი ამისთვის ესაჭიროებათ.

გოლეთიანის თქმითვე, ვინაიდან მათ მოთხოვნებზე რეაგირება არ არის, ისინი იძულებული არიან, განაგრძონ პროტესტი და მიმართონ სხვა ფორმებსაც.

ე.წ. კარტოგრაფების საქმის მოწმეს, დავით ხიდაშელს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში 104 712 ჰექტარი ტყე, 49 წლით, სამონადირეო მეურნეობის მოსაწყობად 2022 წლის მარტში გადაეცა. ის რუსეთში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენი და სანქცირებულ რუს ბიზნესმენ ვლადიმერ ევტუშენკოსთან დაახლოებული პირია.


დღეს მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, აკრძალულია შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება შემდეგ შენობებში და მათი შესასვლელებიდან ოცი მეტრის რადიუსში მდებარე ტერიტორიაზე:

ადმინისტრაციული ორგანო, რომლის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზედაც ტარდება შეკრება ან მანიფესტაცია, შენობის ბლოკირებისა და დაწესებულების საქმიანობის შეფერხების თავიდან აცილების მიზნით უფლებამოსილია დააწესოს შეზღუდვა შეკრების ან მანიფესტაციის შენობიდან მოშორებით ჩატარებასთან დაკავშირებით, მაგრამ არა უმეტეს ოცი მეტრისა.

ამ პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება მიიღება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, არსებული გარემოებისა და საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით, ისე, რომ შეკრებისა და მანიფესტაციის კონსტიტუციური უფლების არსი არ იყოს უგულებელყოფილი.

ამას გარდა, 5 ოქტომბერს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო „ქართული ოცნების” კანონპროექტი, რომლითაც აქციებზე კარვების გაშლა და სხვა დროებითი კონსტრუქციების მოწყობა იზღუდება. აღნიშნულ კანონზე პრეზიდენტს ჯერ ხელი არ მოუწერია. 

კანონის ამოქმედების შემდეგ, აიკრძალება დროებითი კონსტრუქცია, თუ მისი მოწყობა საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს, ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას, აფერხებს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალურ ფუნქციონირებას, ამ კონსტრუქციის მოწყობის გარეშე არსებითად არ ფერხდება შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება ან/და მისი მოწყობა არ უკავშირდება შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას”.