იოსელიანი: აქციის მონაწილეებს აქვთ სამინისტროს ეზოში კარვის გაშლის უფლება

პუბლიკა

რაჭის ტყეების გასხვისების საწინააღმდეგო აქციაზე, რომელიც გარემოს დაცვის სამინისტროსთან მიმდინარეობს, სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი მივიდა.

ვარლამ გოლეთიანმა მას სთხოვა, გამოხატოს პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ პროტესტის უფლებას ართმევენ – ვინაიდან არც სამინისტროს ეზოში კარვის გაშლის უფლება აძლევენ და არც შენობის ჭიშკართან ტენტს აშლევინებენ, რათა თავი წვიმას შეაფარონ.

ლევან იოსელიანმა შეკრებილებს უთხრა, რომ მისი ინფორმაციით, სამინისტროში მზად არიან, აქციის მონაწილეებთან შეხვედრა გამართონ.

სახალხო დამცველი ამბობს იმასაც, რომ აქციის მონაწილეებს აქვთ უწყების ეზოში კარვის გაშლის უფლება.

მისივე თქმით, ესაუბრა შსს-ის წარმომადგენელს, რომელმაც, თავის მხრივ, უთხრა, რომ „დაილაპარაკებენ და მიღებენ გადაწყვეტილებას კარავთან დაკავშირებით”.

ვარლამ გოლეთიანის თქმით:

„რომც დაგვანებონ, შესასვლელთან კარვის გაშლა ჩვენთვის უსაფრთხო არ არის. მნიშვნელოვანია, კარვის გაშლის უფლება მოგვცენ ეზოში. ამით მოხდენა სიტუაციის განეიტრალება. მოძრაობას არც აქ ვბლოკავთ, არც ეზოში გავაკეთებთ. კარგია, რომ სახალხო დამცველმა გამოხატა პოზიცია, რომ ამისი უფლება გვაქვს. მაგრამ თუ არ განხორციელდა ის, რაც ითქვა, დიდი აზრი არ ექნება. არ გვაქვს კარავი, გვაქვს თავზე ხელით დაჭერილი ცელოფანი და ქოლგა”.

რაჭის მოსახლეობა, მათი მხარდამჭერები და მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ გარემოს დაცვის სამინისტროსთან დავით ხიდაშელისთვის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში 97 000 ჰექტარ ტყეზე 49-წლიანი ლიცენციის სრულად გაუქმებას მოითხოვს.

მათ საპასუხოდ გარემოს დაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ აქციის ჩატარების საფუძველი არ არსებობს, რადგან ლიცენზიის გაუქმების განხილვის პროცესი ლიცენზიის პირობების შეუსრულებლობის გამო, მიმდინარე წლის მაისიდან დაიწყო და კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის ვადებში განიხილება.

აქცია მოსახლეობამ და მოძრაობამ 27 სექტემბერს ონში დაიწყო – ქალაქის მერიის წინ მათ კარავი გაშალეს. თუმცა, ვინაიდან პროტესტს შედეგი არ მოჰყვა, ისინი 18 ნოემბერს თბილისში ჩამოვიდნენ და გარემოს დაცვის სამინისტროს შენობასთან მივიდნენ, რათა ეზოში შესულიყვნენ და კარავი გაეშალათ. თუმცა ისინი არ შეუშვეს და 11 ადამიანი დააკავეს კიდეც.

აქციის მონაწილეების დაკავებამდე პოლიციელებმა დააზიანეს კარვის კონსტრუქცია, რომლის გაშლასაც ისინი სამინისტროსთან ცდილობდნენ. მიუხედავად ამისა, მოგვიანებით, სამინისტროს ეზოს მიმდებარედ კარავი მაინც გაიშალა. აქციის მონაწილეებმა ღამე სამინისტროსთან გაატარეს.