რას ფიქრობენ თბილისის მერობის კანდიდატები ხელოვნების მუზეუმის შესაძლო დანგრევაზე

პუბლიკა

რას ფიქრობთ ხელოვნების მუზეუმის შენობის შესაძლო დანგრევასთან დაკავშირებით? – ვებგვერდზე  partiebi.ge გამოქვეყნდა თბილისის მერობის კანდიდატების ხედვა სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის, თბილისის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის შესახებაც.

ივლისში საქართველოს კულტურის სამინისტრომ პუშკინის ქუჩაზე მდებარე ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის შენობის „მზიდი კონსტრუქციების გამოკვლევა“ გამოაქვეყნა, სადაც საუბარი იყო შენობის ნაწილის გამაგრების „არარენტაბელურობაზეც“. დარგის სპეციალისტები შიშობენ, რომ უწყების მიერ ამ დოკუმენტის გამოქვეყნება, შესაძლოა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დემონტაჟისთვის ნიადაგის შემზადების მცდელობა იყოს.

„აღნიშნული მიუღებელია!“ – მოკლედ უპასუხა კითხვას თბილისის მერობის პარტია „საქართველოსთვის“ კანდიდატმა გიორგი გახარიამ.

უცნობია „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატისა და მოქმედი მერის, კახა კალაძის პასუხი ხელოვნების მუზეუმის შენობის ბედზე. ვებგვერდზე კალაძის პოზიცია არ არის ასახული. 

რაც შეეხება, ოპოზიციის ნაწილის საერთო კანდიდატის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას პოზიციას, ის ამბობს, რომ შენობის დანგრევაზე ფიქრიც კი დანაშაულია. მისი განცხადებით, უნდა მოხდეს შენობის მასშტაბური და სრული რეკონსტრუქცია.

„დანგრევის გაფიქრებაც კი დანაშაულია! უნდა მოხდეს ამ ისტორიული შენობის სრული და მასშტაბური რეკონსტრუქცია, ექსპონატების დროებითი განთავსების გეგმისა და მისი რეალიზების პროცესის სრული გამჭვირვალობა ექსპერტთა ფართო ჩართულობით“, – წერია partiebi.ge-ზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

პარტია „ლელოს“ მერობის კანდიდატი ანა ბიბილაშვილი კი ზოგადად აცხადებს, რომ თბილისს დასაკარგი კულტურული მემკვიდრეობა არ აქვს და ყველა ისტორიული ნაგებობა უნდა შენარჩუნდეს.

„ჩვენ არ გვაქვს დასაკარგი კულტურული მემკვიდრეობა. ყველა ნაგებობა, რომელიც ისტორიული ღირებულების მატარებელია, ნებისმიერ ფასად უნდა შევინარჩუნოთ: ისტორიას ვერ დავიბრუნებთ,  ამიტომ ქალაქის მომავალი  მისი წარსულის გათვალისწინებით უნდა შევქმნათ“, – აცხადებს ანა ბიბილაშვილი.

„მესამე ძალის“ მერობის კანდიდატი თამარ კეკენაძე ამბობს, რომ ექსპერტების ჩართულობით უნდა შემუშავდეს რეაბილიტაციის გეგმა.

„დაუშვებელია ხელოვნების მუზეუმის დანგრევა. აუცილებელია როგორც ადგილობრივ, ასევე, საერთაშორისო სპეციალისტებთან ერთად, შემუშავდეს შენობის გადარჩენისა და რეაბილიტაციის გეგმა“, – აცხადებს თამარ კეკენაძე.


შეგახსენებთ, რომ თეა წულუკიანის მინისტრად დანიშვნის შემდეგ დღის წესრიგში დადგა ხელოვნების მუზეუმის შენობის ფიზიკური მდგრადობის საკითხი. ამას წინ უძღოდა მინისტრის განცხადებები, რომ ხელოვნების მუზეუმი „ბოლო 15 წლის განმავლობაში გამოიშიგნა“.

მინისტრის განცხადებებს მოჰყვა ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის შენობის „მზიდი კონსტრუქციების“ შესახებ კვლევის გამოქვეყნება,  სადაც საუბარი იყო შენობის ნაწილის გამაგრების „არარენტაბელურობაზეც“. მალევე შენობიდან ექსპონატებისთვის შეუსაბამო გარემოს საფუძვლით ექსპონატები გადაიტანეს. მინისტრის ამ განცხადებებსა და გადაწყვეტილებებს საზოგადოების, სპეციალისტების მწვავე შეფასებები და პროტესტი მოჰყვა.