რას იზამდნენ უკრაინელი კოლეგები, იანუკოვიჩის დანიშვნა რომ გადაგვეწყვიტა ვიცე-პრემიერად? – კობახიძე

პუბლიკა

პარტია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი და პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერად შესაძლო დანიშვნის საკითხზე ამბობს, რომ ქვეყნებს შორის მეგობრობას ვერაფერი შეარყევს, მაგრამ ეს დანიშვნა უარყოფითად აისახება პოლიტიკურ ურთიერთობაზე. ამის შესახებ მან „პირველ არხთან“ ისაუბრა.

„ძალიან მარტივად დავსვამ კითხვას, რას მოიმოქმედებდნენ ჩვენი უკრაინელი კოლეგები, თუ საქართველოს ხელისუფლება გადაწყვეტდა, მაგალითად, ვიქტორ იანუკოვიჩის დანიშვნას ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე, მათი რეაქციაც იგივე იქნებოდა, რადგან იანუკოვიჩმა ზუსტად იგივე უბედურება დააწია თავის ქვეყანას, რაც საქართველოს სააკაშვილმა. აქედან გამომდინარე, ჩვენი პოზცია არის აბსოლუტურად ბუნებრივი და ეს გასაგები უნდა იყოს უკრაინელი კოლეგებისთვის“, – ამბობს ირაკლი კობახიძე.

მან ასევე განაცხადა, რომ კონსულტაციები აქვთ უკრაინელ კოლეგებთან და იმედი აქვს, ისინი რაციონალურ გადაწყვეტილებას მიიღებენ.


საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა 22 აპრილს Faebook-ზე დაწერა, რომ უკრაინის პრეზიდენტისგან მიიღო შეთავაზება, გახდეს ვიცე-პრემიერი რეფორმების დარგში.

„პრეზიდენტის გუნდთან ერთად მე მზად ვარ, ვიმუშაო ყველა პატრიოტულ ძალასთან უკრაინის პარლამენტში და სხვა პოლიტიკურ ძალებთან, რათა უკრაინამ ყველაზე მცირე დანაკარგით განიცადოს დღევანდელი მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი და გაუმკლავდეს ყველა გამოწვევას. ვიმედოვნებ, რომ გუნდისთვის სასარგებლო წევრი ვიქნები“, – დაწერა მიხეილ სააკშვილმა.